საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს, რომელშიც გარდა თავად შობის დღესასწაულის მნიშვნელობისა, განხილულია გეოპოლიტიკური და ტექნოლოგიური საკითხები. პატრიარქი ეპისტოლეში ვრცლად საუბრობს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და მისი არასწორად გამოყენების საფრთხეებზე, ასევე მშვიდობას უსურვებს ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინას.
"სამყარო ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო", - ნათქვამია 7 იანვრის ეპისტოლეში. ილია მეორე გეოპოლიტიკურ საკითხებს შეეხო 2023 წლის საშობაო ეპისტოლეშიც. მაშინ იგი მორწმუნეებს ახსენებდა, რომ "განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისთვის ჩვენს ზრუნვას, [რადგან] გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია."
ილია მეორე საუბრობს ხელოვნური ინტელექტის განვითარების თანმხლებ სირთულეებზეც - ის თვლის, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს საზოგადოება მომზადებული უნდა შეხვდეს და არ უნდა დაივიწყოს, რომ ადამიანისთვის მთავარი ამოცანა მაინც პიროვნული სრულყოფილების მიღწევაა და ყველა ინსტრუმენტი ამ მიზნისთვის უნდა გამოიყენოს.
"ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის ჯამი, კოლექტიური ცოდნა, რომელიც ალგორითმებით იძლევა შესაბამის ინფორმაციას. ამ საშუალებით ადამიანს ექნება წვდომა მრავალგვარ მონაცემებზე მისთვის სასურველ ნებისმიერ სფეროში, რაც ტექნოლოგიურ წინსვლას კიდევ უფრო დააჩქარებს.
ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
უფრო და უფრო მკვეთრად დგება კითხვა: შეძლებს ადამიანი, გააერთიანოს ქრისტიანული ცხოვრების წესი და თუნდაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ღვთის სადიდებლად მიმართოს იგი? თუ თავის თავში დაჯერებული, თავისივე ქმნილებით მოხიბლული და მასზე მიჯაჭვული ადამიანი ღმერთს კიდევ უფრო განეშორება?" - ვკითხულობთ ეპისტოლეში, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელოვნური ინტელექტის გაძლიერების პირობებში სამყაროს საფრთხე შეიძლება შეუქმნას ადამიანის ეგოცენტრულმა მისწრაფებებმა. პატრიარქი მორწმუნეებს ახსენებს, რომ ცოდნასთან ერთად აუცილებელია უფლის რწმენაც, რომელიც "ლოგიკურ კატეგორიებზე მაღლა დგას".
ეპისტოლეში ნათქვამია, რომ ქრისტიანობის ისტორია ამავდროულად არის ისტორია განსწავლული, ჭკვიანი ადამიანებისა, რომლებისთვისაც მთავარი კითხვა იყო, როგორი იქნება ჩვენი არჩევანი.
"თუ შევძლებთ სწორი ურთიერთობები ვიქონიოთ ღმერთთან, ადამიანთან, ბუნებასთან, მიკრო და მაკრო კოსმოსთან, ვერავითარი ტექნოლოგიური მიღწევა ვერ გაგვაუცხოებს შემოქმედისგან, არამედ მათი მართებულად გამოყენების შემთხვევაში, იგი იქცევა ჩვენი გონებრივი და სულიერი წინსვლის დიდ საშუალებად", - ეს არის ხელოვნური ინტელექტის შესახებ ბოლო პასაჟი ეპისტოლეში.
საშობაო ეპისტოლეში ილია მეორე ახსენებს სუიციდსაც და მორწმუნეებს მოუწოდებს, არასოდეს იფიქრონ თვითმკვლელობაზე იმის მიუხედავად, რა განსაცდელი შეხვდათ ცხოვრებაში. ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, თვითმკვლელობა მძიმე ცოდვაა, რომელიც ადამიანს ართმევს შანსს, მოხვდეს სასუფეველში.
"არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპველი სისუსტის დაშვების უფლება. ჩვენ სიცოცხლე იმიტომ მოგვეცა, რომ წარმავალი სიცოცხლიდან მარადიულ სიცოცხლეში გადავინაცვლოთ! გახსოვდეთ, სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუძს.
ამიტომაც, არ შეეგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ", - წერია საშობაო ეპისტოლეში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას 7 იანვარს აღნიშნავს.
საზეიმო ღვთისმსახურება სამების ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. პატრიარქის ეპისტოლე მან საზეიმო წირვის დაწყებამდე გააცნო სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს.
საშობაო ღვთისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
7 იანვარს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გაიმართება ალილოც.