Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში ხელი მოაწერეს კანონს პრეზიდენტისთვის სამუდამო გარანტიების შესახებ


ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი
ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ახალი გარანტიები წესდება, მათ შორის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ. ამავე კანონის თანახმად, მკაცრდება მოთხოვნები პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის.

დოკუმენტი ანიჭებს სამუდამო ხელშეუხებლობას ყოფილ პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს. კანონის თანახმად, სახელმწიფოს ყოფილმა მეთაურმა არ შეიძლება პასუხო აგოს მოქმედებებზე, რომლებიც კავშირშია მისი უფლებამოსილების განხორციელებასთან.

კანონი პრეზიდენტს გადადგომის შემდეგ უფლებას აძლევს, გახდეს ბელარუსის სახალხო კრების დეპუტატი და პარლამენტის ზედა პალატის წევრი სიცოცხლის ბოლომდე. მას სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება თანხა, რომელიც იქნება მოქმედი პრეზიდენტის ხელფასის ოდენობის, გარანტირებული ექნება სამედიცინო უზრუნველყოფა, სახელმწიფო დაცვა, თანაშემწეთა მომსახურებით სარგებლობა და წვდომა სამთავრობო ქსელებთან.

XS
SM
MD
LG