Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზაში მსხვერპლის ზრდის ფონზე ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ არ შეწყვეტს ომს ჰამასის წინააღმდეგ


ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი
ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 25 დეკემბერს განაცხადა, რომ გააგრძელებს ბრძოლას ჰამასის წინააღმდეგ. (ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ ჰამასი ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული.) განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როცა პალესტინელი ხალხი გლოვობს 100-ზე მეტ დაღუპულს. ისინი, ღაზის ჯანდაცვის წარმომადგენელთა თქმით, ემსხვერპლნენ ისრაელის მიერ გასულ ღამეს განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს.

ნეთანიაჰუმ თავისი პარტიის, "ლიკუდის" დეპუტატებს უთხრა, რომ ომი შორსაა დასრულებისგან. მან უარყო, მისი თქმით, მედიაში გამოთქმული ვარაუდები, რომ ისრაელის მთავრობა შესაძლოა გამოვიდეს ბრძოლის შეჩერების წინადადებით. ნეთანიაჰუს აზრით, სამხედრო ზეწოლის გარეშე ისრაელი ვერ შეძლებს ღაზაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას.

ცენტრალურ ღაზაზე ისრაელის მიერ მიტანილი იერიშების შემდეგ, სააგენტო "ასოშიეიტედ პრესის" ჟურნალისტები შეესწრნენ სცენებს, როგორ გამოჰქონდათ პალესტინელებს დაღუპულთა, მათ შორის ჩვილი ბავშვის ცხედარი ერთ-ერთი საავადმყოფოდან და გამოჰყავდათ დაჭრილები ღაზის ლტოლვილთა ბანაკიდან. სისხლით დასვრილი ერთ-ერთი გოგო შოკის მდგომარეობაში იყო, როცა მის სხეულს მოტეხილობების აღმოსაჩენად ამოწმებდნენ.

საავადმყოფოს წინასწარი მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში დაღუპულებს შორის არიან სულ მცირე შვიდი ბავშვი და 12 ქალი.

ისრაელის არმიის რიგებიდან შაბათ-კვირას 15 სამხედრო დაიღუპა.

XS
SM
MD
LG