რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იმყოფება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგში. ამის შესახებ იუწყებიან ნავალნის თანამოაზრეები, რომლებიც ოპოზიციონერთან 20 დღის განმავლობაში ვერ ამყარებდნენ კავშირს.
ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში ამბობს, რომ მსჯავრდადებულს შეხვდა თავისი ადვოკატი და ნავალნი "კარგად არის".
სოფელი ხარპი, სადაც კოლონია მდებარეობს, დასავლეთ ციმბირის ვაკის ჩრდილოეთ ნაწილშია. იქ ახლა პოლარული ღამეა. მოსკოვთან ოლქს აკავშირებს ვორკუტაზე გამავალი რკინიგზა.
კოლონიაში, რომელშიც ნავალნი იმყოფება, თავის დროზე სასჯელს იხდიდნენ "იუკოსის" თანამფლობელი პლატონ ლებედევი და უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.
სოფელში არის კიდევ ერთი კოლონია სახელწოდებით "პოლარული ბუ" - ეს არის კოლონია მსჯავრდადებულებისთვის, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.