Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი სასამართლო პროცესზე პოლიტიკური ერთობის კომიტეტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა


პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედიდან" სასამართლო სხდომაზე ონლაინჩართვის დროს
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედიდან" სასამართლო სხდომაზე ონლაინჩართვის დროს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „7 ნოემბრის საქმეზე" მიმდინარე სხდომაზე, ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვის დროს ახალი პოლიტიკური ინიციატივა წამოაყენა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა, რომელშიც 25-მდე ადამიანი გაერთიანდება. ის კომიტეტის წევრებად „ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელებსაც მოიაზრებს.

„ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის სრული კოორდინაცია, მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა, კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება, ძალა ერთობაშია. მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.

ასევე მინდა შევთავაზო [საზოგადოებას] „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პოლიტიკური აქტიურობის და ერთობის კომიტეტის შექმნა. როგორც არის ამერიკაში კომიტეტები. მასში ხალხი უნდა შევიდეს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ ასევე უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომლებიც აუცილებელი არ არის, რომ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. კომიტეტში უნდა შევიდეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი ამ კომიტეტში. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ამ კომიტეტის, ამ „სუპერ პაკ"-თან ერთად, ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი, უნდა იყოს პრაქტიკულად ყოველგვარი ბიუროკრატიისგან თავისუფალი, მოქნილი ეროვნული თანხმობის სტრუქტურას", - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც ექსპრეზიდენტმა თქვა, მომავალში, შესაძლოა, კომიტეტის თავმჯდომარეც აირჩიონ.

„[კომიტეტი] ეროვნული თანხმობის, კონსენსუსის გზით იქნება ახალი იდეების გენერატორი, ახალი რეაგირების ადგილი და სხვებთან დიალოგის ადგილი. იმიტომ რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩავიკეტოთ... შევქმნათ ის სტრუქტურა, რომელიც სრულიად არაორაზროვანს ხდის ჩვენს მცდელობას, ჩვენს ბრძოლისუნარიანობას და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან სწრაფად წავიწევთ წინ. პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტში 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს და იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში ამის თავმჯდომარეც ავირჩიოთ", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. არაერთი უშედეგო მცდელობის შემდეგ, მათ სასამართლოს ეზოში ხმის გამაძლიერებელი აპარატურის შეტანის საშუალება მისცეს.

„ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად
„ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად

„7 ნოემბრის საქმე“ არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს პროკურატურამ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წარუდგინა ბრალი. სააკაშვილს ბრალი წარედგინა 2014 წლის 28 ივლისს, 2014 წლის 2 აგვისტოს კი დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა.

„ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად
„ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად

მას შემდეგ, რაც საქმის მოსამართლე ლია ორკოდაშვილი პენსიაში გავიდა, მტკიცებულებათა ხელახლა გამოკვლევაა საჭირო. საქმეში მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი სათადარიგო მოსამართლის სტატუსით არ ჩართულა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილს "7 ნოემბრის საქმის" გარდა, კიდევ ორ საქმეზე აქვს ბრალის წარდგენილი.

„ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად
„ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად

2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში", სადაც დღემდე იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მიმდინარე წლის 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მას უარი უთხრა დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.

XS
SM
MD
LG