ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და გარდაცვლილის ოჯახისთვის არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამავე გადაწყვეტილებით, დადგინდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 38-ე მუხლის (საქმის განხილვა) დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები.
ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“ (EHRAC) იცავდნენ. საჩივრით მათ ევროპულ სასამართლოს 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. გადაწყვეტილება დღეს, 19 დეკემბერს, გამოცხადდა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრში“ აცხადებენ, რომ გიგა ოთხოზორიას საქმეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა, თუ რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტიან კონტროლს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე.
გიგა ოთხოზორიას დედის, ჯულიეტა ჭანტურიას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით იზეიმა სამართალმა და მას იმედი გაუჩნდა, რომ რუსეთის მიერ არაადამიანურად მოკლული სხვა ახალგაზრდების საქმეებზეც დადგება სამართლიანი განაჩენი.
„უკვე მერვე წელია ჩემი შვილის გარდაცვალებიდან და უკვე მეკარგებოდა იმედი რაიმე სასიკეთო ამბავის გაგების. მაგრამ დღეს ნამდვილად იზეიმა სამართალმა და ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის, ქართველი ადამიანის მოკვლისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა ააღებინეს და გამოიკვეთა ის, რომ ქართველი ადამიანის არაადამიანურად სიკვდილში, არაადამიანურად სიცოცხლის გამოსალმებაში, პირველ რიგში, დამნაშავეები არიან რუსები და ისინი აქეზებენ იმ სეპარატისტებს - აფხაზებს, ოსებს - რომლებიც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მახვილს აღმართავენ. ერთი, ამ საქმეში გამარჯვება ნიშნავს არა მარტო ჩემი შვილის საქმის მოგებას, არამედ საქართველოს წარმატებას, რომ ამ გადაწყვეტილებით, ალბათ, დაფიქრდებიან ის რუსები და იტყვიან, არ ღირს ასე...როცა მათ მოუნდებათ, მაშინ ხელყონ ქართველი ადამიანის სიცოცხლე. მე ახლა გამიჩნდა იმის იმედი, რომ ჩემ შვილთან ერთად, სხვა, რუსების მიერ მოკლული ადამიანების, არაადამიანურად წამებული ადამიანების საქმეებიც გაიმარჯვებს“, - განუცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ ჟურნალისტებს.
მისი თქმითვე, საქმე საბოლოოდ დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა დაისჯება გიგას მკვლელობაში ბრალდებული ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი. მოკლულის დედა გადაწყვეტილების აღსრულების პასუხისმგებლობას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აკისრებს:
„ალბათ რუსებიც დაფიქრდებიან, რომ ამ საქმის უშუალო შემსრულებელი ადამიანი გადმოეცეს საქართველოს მხარეს, რომ ის დაისაჯოს, პასუხი აგოს ქართველი ადამიანის მკვლელობის გამო...რადგან სტრასბურგის სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ახლა უკვე ჩვენს ხელისუფლებაზეა მომდევნო ნაბიჯები, როგორ განახორციელებენ ამას და როგორ დავასრულებთ ამ საქმეს. ეს არის უშუალოდ საქართველოს სამართალდამცავების საქმე. მომავალი ნაბიჯები მათზეა დამოკიდებული... იმედი, რომ ჩვენ ევროპული სახელმწიფოების გვერდით გვაქვს მომავალი. ამის ერთ-ერთი გამოვლინება ალბათ არის ამ საქმის ასე დადებითად გადაწყვეტა“, - თქვა გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ.
სარჩელის მომზადებაში ჩართული იურისტის, გიორგი ტაბატაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება, სავარაუდოდ, არ მოხდება, საქმე მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.
„მარტივად რომ აგიხსნათ, სამართლებრივი წიაღსვლების გარეშე, აფხაზი ე.წ. მესაზღვრე გადმოვიდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლა ჩვენი მოქალაქე და აღნიშნულ ფაქტზე ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას.. მაშინ როდესაც იქნება დებატები პირდაპირ ველაპარაკოთ აფხაზებს თუ არა, ყოველთვის გახსოვდეთ რომ ევროპულმა სასამართლომაც კი თითოეულ მათ მოქმედებაზე პასუხისმგებელ პირად რუსეთი განსაზღვრა. მათ ქმედებებზე სრული კონტროლი აქვს რუსეთს და ეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი გავრცელდა. ყოველთვის ვიამაყებ რომ მქონდა პატივი ოთხოზორიების ოჯახის ადვოკატი ვყოფილიყავი! დიდებული ოჯახის, რომლებიც აუცილებლად მიაღწევენ სამართალს!" - წერს გიორგი ტაბატაძე სოციალურ ქსელში.
ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წლის 19 მაისს მოკლეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან. გიგა ოთხოზორიას მცდელობა, ოკუპირებულ აფხაზეთში პროდუქტი გაეგზავნა, აფხაზ „მესაზღვრეებთან" შელაპარაკებაში გადაიზარდა. სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად მომხდარი მკვლელობის გამო, რომელსაც თვითმხილველებიც ჰყავდა, აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა, მტკიცებულებების არარსებობის საბაბით, მალევე შეწყვიტა.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის დღემდე არავინ დასჯილა. საქართველოს ხელისუფლება დღემდე უშედეგოდ ეძებს მისი მკვლელობისთვის მსჯავრდადებულ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ყოფილ თანამშრომელს, რაშიდ კანჯი-ოღლის. მას, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, სასამართლომ 2017 წელს დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზურ მხარეს და რუსეთის საოკუპაციო ძალებს კანჯი-ოღლის გადაცემა არაერთხელ, უშედეგოდ მოსთხოვა. მსჯავრდადებული უშედეგოდ იძებნება ინტერპოლითაც. გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯის მოთხოვნას ქართული მხარე მუდმივად, თუმცა დღემდე უშედეგოდ აყენებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ყველა რაუნდზეც.
აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა 2008 წლის აგვისტოში ქვეყანაში შეჭრის საქმეზეც.
თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აღასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2022 წლის 16 მარტის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს. 2022 წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო. 16 სექტემბრიდან ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ევროპის საბჭო ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული.