სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 18 დეკემბერს ოპოზიციის ასობით მომხრე გავიდა ქუჩებში მას მერე, რაც ქალაქის საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ მუნიციპალურ არჩევნებში გაიმარჯვეს მმართველი, სერბეთის პროგრესული პარტიის (SNS) კანდიდატებმა. ქვეყნის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი ამ პარტიას წარმოადგენს. ქვეყნის საარჩევნო კომისიის განცხადებით, ვუჩიჩის კოალიციამ გამარჯვება მოიპოვა საპარლამენტო არჩევნებშიც, რომელიც მუნიციპალურ კენჭისყრასთან ერთად გაიმართა.
არჩევნებზე დარღვევების შესახებ ცნობებმა საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის გერმანიას და ეუთოს უბიძგა შეშფოთების გამოხატვისკენ პროცესის თაობაზე.
დემონსტრანტებმა და ოპოზიციური, პროევროპული კოალიციის, სახელად "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ" მომხრეებმა სააარჩევნო კომისიის და მუნიციპალური უწყებების შენობებთან მოიყარეს თავი, ბელგრადის მუნიციპალური არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით. ისინი მმართველ პარტიას ბრალს სდებენ მოქალაქეების უკანონოდ, ავტობუსებით ჩამოყვანაში სხვა რეგიონებიდან და საზღვარგარეთიდან, დედაქალაქის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
"იმის გათვალისწინებით, რომ ბელგრადში კანონიერი რეგისტრაციის არქონე 40 000-ზე მეტი პირი ჩამოიყვანეს SNS-ის სიის მხარდასაჭერად - რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ბელგრადელების საარჩევნო ნება - მოვითხოვთ ქალაქ ბელგრადში ჩატარებული არჩევნების გაუქმებას და კენჭისყრის გამეორებას" - აცხადებს კოალიცია, რომლის წარმომადგენელთა ნაწილიც ამბობს, რომ საპროტესტო შიმშილობას დაიწყებს.