Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიათურაში საახალწლო ღონისძიებებზე 200 ათასზე მეტი იხარჯება


ჭიათურა, 2022 წლის დეკემბერი
ჭიათურა, 2022 წლის დეკემბერი

ჭიათურაში საახალწლო ღონისძიებების მოსაწყობად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 205 571 ლარი დაიხარჯება. მერის, გიორგი მოდებაძის გადაწყვეტილებით, ტენდერი არ გამოცხადდა და კონტრაქტი უნდა დაიდოს შპს "რუბიკონ გრუფთან", რომელიც სხვა ქალაქებშიც მართავს ღონისძიებებს.

საახალწლო კონცერტი ჭიათურაში ახალი წლის დადგომიდან მეოთხე დღეს - 4 იანვარს უნდა გაიმართოს. ხარაგაულის მსგავსად ღონისძიებას მსახიობი კახა მიქიაშვილი გაუძღვება. საღამოს უნდა იმღეროს "გუფილენდმა", რომელიც თითქმის ორჯერ მეტს აიღებს, ვიდრე კონცერტის კიდევ ერთი მონაწილე - თეატრალური კვარტეტი.

"რუბიკონ გრუფი" ამ ქალაქშიც გამართავს საბავშვო ღონისძიებებს, დადგამს დეკორაციებსა და ინსტალაციებს. კომპანიის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რომ მისი მოგება 5% უნდა იყოს, რაც 8296 ლარია.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში 37,3 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მათი 30 პროცენტი - 11,3 ათასზე მეტი ადამიანი სოციალურად დაუცველია. რადიო თავისუფლებას სურდა გაეგო, როგორ ეხმარება მუნიციპალიტეტი მათ. მერი ახლა კუთვნილ შვებულებას იყენებს და საზღვარგარეთ არის.

გიორგი მოდებაძე, ჭიათურის მერი
გიორგი მოდებაძე, ჭიათურის მერი

"ჭიათურის მუნიციპალიტეტი საახალწლოდ შეჭირვებულთა ოჯახებს დაეხმარება. დამატებითი ინფორმაცია თუ გაინტერესებთ, საჯარო ინფორმაცია უნდა გამოითხოვოთ. მერი არ პასუხობს, შვებულებაშია დღეიდან. საზღვარგარეთ მიდიოდა", - აცხადებენ პრესსამსახურში.

საახალწლო ღონისძიებები საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება. მათ შორის 30-ზე მეტი მომსახურებას ყიდულობს ტენდერის გარეშე. მათგან ყველაზე ძვირი - თბილისში იქნება.

XS
SM
MD
LG