Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ყველაზე დიდმა გამომცემლობამ შეაჩერა დმიტრი ბიკოვისა და ბორის აკუნინის წიგნების გაყიდვა


ბორის აკუნინი
ბორის აკუნინი

ერთ-ერთმა უმსხვილესმა რუსულმა გამომცემლობა AST-მ განაცხადა, რომ შეაჩერა მწერლების, ბორის აკუნინისა და დიმიტრი ბიკოვის წიგნების გაყიდვა. გამომცემლობის გენერალური დირექტორის, პაველ გრიშკოვის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მწერლების „ზოგიერთი“ საჯარო განცხადება, რომლებმაც "საზოგადოების ფართო პროტესტი გამოიწვია, "სამართლებრივ შეფასებას“ საჭიროებს. "სანამ სიტუაცია არ გაირკვევა, წიგნების გამოშვება და გადაზიდვა არ განახლდება", - ნათქვამია AST-ის განცხადებაში.

გარდა ამისა, აკუნინისა და ბიკოვის წიგნები გაყიდვიდან ამოიღო მაღაზიათა ქსელმა „ჩიტაი გოროდ-ბუკვოედმა“, რომელიც ჰოლდინგ Eksmo-AST-ს ეკუთვნის. ასეთი ქმედება ჰოლდინგში "მწერლების ბოლოდროინდელი განცხადებებით" ახსნეს.

ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) და დიმიტრი ბიკოვი საზღვარგარეთ ცხოვრობენ და აქტიურად ეწინააღმდეგებიან უკრაინაში რუსეთის შეჭრას.

მათ "საჯარო განცხადებებში" კი, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანახმად, დიდი ალბათობით, იგულისხმება აკუნინისა და ბიკოვის კომენტარები კრემლის მომხრე პრანკერებთან, ლექსუსსა და ვოვანთან (ალექსეი სტოლიაროვი და ვლადიმირ კუზნეცოვი) ბოლოდროინდელ სატელეფონო საუბრებში. პრანკერებმა მწერლებს დაურეკეს, როგორც უკრაინის ოფიციალურმა პირებმა. მათთან საუბარში ბიკოვმა და აკუნინმა დაადასტურეს ომის საწინააღმდეგო პოზიცია, გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და დაგმეს რუსეთის ხელისუფლება. ამ საუბრების ფრაგმენტების გამოქვეყნების შემდეგ, კრემლის მომხრე მრავალმა მედიამ და ტელეგრამის არხმა მწერლები "ღალატში" დაადანაშაულა. ბიკოვი ამ საუბარს ფეისბუკის პოსტით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ის გაიმეორა, რასაც ყოველთვის ამბობს. ბორის აკუნინს კი პრანკერებთან საუბარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

2022 წლის ოქტომბერში ბორის აკუნინის სახელი ამოიღეს მოსკოვის ახალგაზრდული აკადემიური თეატრის და სანქტ-პეტერბურგის ალექსანდრეს თეატრის აფიშებიდან და საიტებიდან.

XS
SM
MD
LG