Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დათო გორგილაძე: პირველ არხზე ჩემი გადაცემა აღარ გავა


დავით გორგილაძის გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ გავა.
დავით გორგილაძის გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ გავა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე გადაცემას ხურავს. ამის შესახებ არხის თანამშრომლების ნაწილი უკვე ფლობს ინფორმაციას.

მომავალი წლიდან არხის ეთერში აღარ გავა "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე". წყაროსგან მიღებული ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა თავად გადაცემის წამყვანმაც.

"მომდევნო წლიდან 'გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე' საქართველოს პირველი არხის ეთერში აღარ გავა. ამას გიდასტურებთ. არხის ხელმძღვანელობისგან მოყვანილი მიზეზი ფინანსური რესტრუქტურიზაციაა. პირადი შეფასებებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ", - ეუბნება რადიო თავისუფლებას გორგილაძე.

"გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის" ბოლო გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე 29 დეკემბერს გავა. იგი ამ ტელევიზიის თანამშრომელი აღარ იქნება. დავით გორგილაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისთვის თანამშრომლობის გაგრძელება არ შეუთავაზებია.

დათო გორგილაძე ღიად გამოხატავდა კრიტიკას იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ე.წ. აგენტების კანონს. საპარლამენტო უმრავლესობის ინიციირებული კანონპროექტით გათვალისწინებული იყო, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც პარტნიორი ქვეყნებიდან ფინანსდება, "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირებულიყო. ამ კანონპროექტს საქართველოს პარტნიორები ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად აფასებდნენ - უმრავლესობამ დოკუმენტის მიღების გადაწყვეტილება ხალხმრავალი აქციების გამო შეცვალა.

"გამარჯობა არ უთხრათ. ვისაც გამბედაობა გეყოფათ სახეში მიახალეთ, რომ სინდისგარეცხილი, შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ადამიანები არიან. შეარცხვინეთ [რთული იქნება, გაგიჭირდებათ, მაგრამ სცადეთ].

ქართულ სუფრაზე თუ მათთან ერთად მოხვდებით, შესამჩნევად ადექით და დატოვეთ იქაურობა. ამას იმსახურებს ყველა, ვინც მაგ კანონს მხარს დაუჭერს. დრო ამას ისედაც იზამს, გარდაუვალია, მაგრამ აქედანვე დავიწყოთ", - წერდა სოციალურ ქსელში დავით გორგილაძე 6 მარტს, როცა კანონპროექტი პარლამენტში განიხილებოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. დაკავშირება მოხერხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის დირექტორთან, რუსუდან მანჯგალაძესთან, რომელმაც არც დაადასტურა და არც უარყო, რომ არხზე რამდენიმე გადაცემა იხურება.

"თქვენ ხომ იმაზე ადრე არ გეტყვით, ვიდრე თვითონ გადაცემას უნდა ვუთხრათ ან ვიდრე ერთმანეთში გავისაუბრებთ. როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნება ან არ იქნება, შემდგომ აუცილებლად გაგაგებინებთ", - ამბობს დირექტორთა საბჭოს წევრი რუსუდან მანჯგალაძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად მზარდია. გასულ წელს 82 მილიონ ლარზე მეტი იყო, წელს კი 101 მილიონი ლარია. დაფინანსების 15 პროცენტი აჭარის ტელევიზიას ეკუთვნის.

XS
SM
MD
LG