დახვედრის ცერემონიალის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი „ჩტ-24“ წერს, ჩეხეთის პრეზიდენტი ქართველი კოლეგის მიღებით გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებისადმი და სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს იმ პოლიტიკოსად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თავის ქვეყანაში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციაში.
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ჩეხეთში იმართება იმ ფონზე, როდესაც 12 დეკემბერს ჯერ ევროკავშირის მინისტერიალმა, 14-15 დეკემბერს კი ევროპულმა საბჭომ უნდა დაადასტურონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საბოლოო გადაწყვეტილება.
8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გაცემულ დადებით რეკომენდაციასთან ერთად, საქართველოს მიერ გადასადგმელი ცხრა ნაბიჯი განსაზღვრა. ახალი დათქმები აგრძელებს 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.
საქართველოს პრეზიდენტს 11 დეკემბერს ასევე მართავს შეხვედრებს ჩეხეთის სენატში და საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებთან.
12 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის მთავარ ოფისს ესტუმრება.
16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში: საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში მთავრობის თანხმობის გარეშე გამართული შეხვედრებით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას, საქართველოს პარლამენტში ვერ მოგროვდა სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭირო 100 ხმა.
სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთში ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იმყოფებოდა, 2005 წლის ივნისში.