Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ამბობს, რომ 9 დეკემბერს არასამთავრობოების მარშს შეუერთდება


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 9 დეკემბერს არასამთავრობოების მარშს შეუერთდება, რათა "ეს იყოს ერთობლივი განაცხადი საქართველოს ევროპულობის". ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში სპორტსმენებთან შეხვედრის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

"ვიცი, ამ დღეებში ბევრ ადგილზეა სხვადასხვა ინიციატივა, რომელიც ერთად გროვდება. ესეც საზოგადოების ნიშანია, როდესაც ცალ-ცალკე და ერთად ერთ გზავნილს ვუგზავნით ევროპას. ამ კუთხით 9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში, რომელსაც ჩვენ ვუერთდებით, როგორც სხვები გვიერთდებიან ჩვენ, რათა ეს იყოს ერთობლივი განაცხადი საქართველოს ევროპულობის, როდესაც ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ძალიან გადამწყვეტ გზავნილს ევროპისგან. გაუმარჯოს ჩვენს ევროპულ მომავალს!" - განაცხადა პრეზიდენტმა.

შაბათს, 9 დეკემბერს, 14:00 საათზე, მარში "შენი ხმა ევროკავშირს" რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნამდე გაიმართება.

"ქართველი ხალხის ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ, როგორც მანამდეც, ევროკავშირს კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა და გავაგონოთ ჩვენი ხმა.

საქართველოს ყველა მოქალაქეს, დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს, სტუდენტსა თუ პენსიონერს, საჯარო მოხელესა თუ პოლიტიკოსს, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია, გიწვევთ, რომ თქვენი ხმა შეუერთოთ სხვებს და საკუთარი წვლილი კიდევ ერთხელ შეიტანოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.

P.S. არ დაგავიწყდეთ, თან იქონიოთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ან უბრალოდ დიდ ფურცელზე დაწერილი თქვენი სათქმელი ევროკავშირისთვის", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
XS
SM
MD
LG