Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეიძლება მძევლების მოსაძებნად გახანგრძლივდეს


საერთაშორისო წითელი ჯვრის მანქანა, რომელშიც, სავარაუდოდ, პალესტინელთა ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლები სხედან. ღაზა, 25 ნოემბერი, 2023.
საერთაშორისო წითელი ჯვრის მანქანა, რომელშიც, სავარაუდოდ, პალესტინელთა ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლები სხედან. ღაზა, 25 ნოემბერი, 2023.

ისრაელმა შესაძლოა გააგრძელოს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა, თუ პალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“, რომელიც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, ჰუმანიტარულ პაუზას გამოიყენებს მძევლების მოსაძებნად, განაცხადა კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხმა მუჰამედ ბინ აბდელ რაჰმან ალ-ტანიმ. ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება.

ლაპარაკია 40-ზე მეტ ქალსა და ბავშვზე, რომლებიც ღაზის სექტორში ჰყავთ დაკავებული სხვა პალესტინურ დაჯგუფებებს. შეიხმა განმარტა, რომ ისრაელმა კატარს, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს ჯიჰადისტებთან მოლაპარაკებებში, გადასცა 90 ქალისა და ბავშვის სია, რომლებიც, სავარაუდოდ, მძევლად არიან აყვანილი.

პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, „ჰამასმა“ მას შეატყობინა, რომ მის შეიარაღებულ რაზმებს არ აუყვანიათ მძევლები 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის დროს. ამასთან, თავდასხმის ამსახველ კადრებში ჩანს, როგორ შედიან ისრაელელების სახლებში „ჰამასის“ ფორმაში გამოწყობილი შეიარაღებული ადამიანები და კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, წერს Financial Times-ი.

ცნობილია, რომ აშშ-ში, ევროკავშირში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში ტერორისტულად აღიარებული პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ 7 ოქტომბერს შეუერთდა „ჰამასის“ თავდასხმას, თუმცა გაზეთის პუბლიკაციაში ის არ არის ნახსენები.

შეიხის თქმით, ის შიშობს, რომ საომარი მოქმედებების ხანგრძლივი შეწყვეტა თუ ვერ მოხერხდა, ამან შესაძლოა მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, ღაზის ხანგრძლივმა დაბომბვამ და ალყამ შეიძლება ახალგაზრდა არაბების რადიკალიზაცია მოახდინოს.

ნოემბრის შუა რიცხვებში „ჰამასის“ ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ არ იცის 50 მძევლის ზუსტი ადგილმდებარეობა. ჯიჰადისტებმა ასევე დაკარგეს კონტაქტი სხვა დაჯგუფებებთან, რომელთა ხელშიც არიან ტყვეები. Axios-ის ცნობით, „ჰამასს“ ღაზის სექტორში 180-მდე ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი, ისლამურ ჯიჰადს - 40, ხოლო სხვა პალესტინურ დაჯგუფებებს - 20.

ღაზის სექტორში ცეცხლის დროებითი შეწყვეტა 24 ნოემბრიდან არის ძალაში. ამ ხნის განმავლობაში „ჰამასმა“ სამ ეტაპად გაათავისუფლა მთლიანობაში 58 ადამიანი - 40 ისრაელელი და 18 უცხოელი. თავის მხრივ, ისრაელმა ციხეებიდან გაათავისუფლა 117 პალესტინელი - ქალები და მოზარდები.

დღეს, ჰუმანიტარული პაუზის ბოლო დღეს, მძევლებისა და პატიმრების მორიგი გაცვლა იგეგმება. მედიის ცნობით, „ჰამასმა“ კვირას საღამოს ისრაელს გადასცა 11 ადამიანისგან შემდგარი სია. ისრაელის მხარემ დაადასტურა მისი მიღება და მას „პრობლემური“ უწოდა, მაგრამ დეტალებს არ ასახელებენ.

ოთხ დღეში პალესტინურმა დაჯგუფებამ მთლიანობაში 150 პატიმრის სანაცვლოდ 50 მძევალი უნდა გაათავისუფლოს.

XS
SM
MD
LG