შავი ზღვის ბათუმის სანაპიროზე თითქმის 8-ბალიანი შტორმია. ბათუმის ვიცე-მერის, ლევან დავითაძის განცხადებით, ზღვამ დააზიანა ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურა. წყალმა დატბორა ახალი ბულვარის საფეხმავლო ნაწილი და ნინოშვილის ქუჩის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ლევან დავითაძის თანახმად, ზარალი მოგვიანებით დაითვლება და ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყება სალიკვიდაციო სამუშაოები.
რაც შეეხება მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროებას, ბათუმის ვიცე-მერის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ ვითარების მიხედვით.
112-ის ცნობით, 27-28 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექი.
შავ ზღვაზე ძლიერი შტორმის გამო ასეულობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში. ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, 500-მდე ადამიანია ევაკუირებული დატბორილი ტერიტორიებიდან ევპატორიასა და სევასტოპოლში.