Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BBC: ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ხუთშაბათს 10 საათზე ამოქმედდება


ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკი ღაზის სექტორში. 2 ნოემბერი, 2023.
ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკი ღაზის სექტორში. 2 ნოემბერი, 2023.

როგორც BBC იტყობინება, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომლის თაობაზეც მხარეები წუხელ შეთანხმდნენ, ხუთშაბათს დაიწყება ადგილობრივი დროით 10 საათზე (12 საათი თბილისის დროით). ეს ინფორმაცია სხვა წყაროებითაც დასტურდება.

„ჰამასის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მუსა აბუ მარზუკმა ტელეარხ Al Jazeera-ს განუცხადა, რომ სწორედ ამ დროს არის მოსალოდნელი საბრძოლო მოქმედებებში პაუზის დაწყება პირველი მძევლების გათავისუფლების წინ.

როგორც Reuters-ს უთხრა წყარომ ეგვიპტის უშიშროების ძალებში, მოლაპარაკებების შუამავლებს სურთ, რომ ზავი ხუთშაბათს 10 საათზე დაიწყოს, „ჰამასს“ კი ზავის დაწყებიდან „რამდენიმე საათში“ სურს მძევლების გათავისუფლება.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ზავი ხვალ შევა ძალაში „რაღაც მომენტში“.

სააგენტოს ასევე მოჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრ ელი კოენის სიტყვები. ის იმედოვნებს, რომ ისრაელი პირველ მძევლებს ხუთშაბათს მიიღებს, თუმცა მან უარი თქვა ვადების შესახებ საუბარზე.

BBC-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, მძევლების გაცვლა ადგილობრივი დროით შუადღეზე დაიწყება.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა წუხელ 6-საათიანი მწვავე განხილვის შემდეგ მხარი დაუჭირა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ. ისრაელის არმიის მონაცემებით, ღაზის სექტორში მძევლად იმყოფება 200-ზე მეტი ადამიანი.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ დღეს, 22 ნოემბერს, გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ისრაელის მთავრობამ, რომელიც ვალდებულია სახლში დააბრუნოს ყველა მძევალი, დაამტკიცა ამ მიზნის მიღწევის გეგმის პირველი ეტაპი. სულ მცირე 50 ქალი და ბავშვი გათავისუფლდება 4 დღის განმავლობაში და ამ პერიოდში საბრძოლო მოქმედებები შეჩერებული იქნება. გარდა ამისა, დამატებით ყოველი 10 მძევლის გათავისუფლება გამოიწვევს პაუზის კიდევ ერთი დღით გაგრძელებას.

თავის მხრივ, „ჰამასმა“ შეთანხმების კიდევ ერთ პირობად დაასახელა ისრაელის საპატიმროებიდან 150 პალესტინელის - ქალების და არასრულწლოვანების - გათავისუფლება.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით მძევლად აიყვანეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 13 000-ზე მეტი ადამიანი.
  • დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
  • ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
  • „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.
XS
SM
MD
LG