Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში დაასაფლავეს უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული მებრძოლი


ცხინვალი. 36 წლის ვლადიკ თედეევის დაკრძალვის ცერემონიალი
ცხინვალი. 36 წლის ვლადიკ თედეევის დაკრძალვის ცერემონიალი

ოკუპირებულ ცხინვალში დაასაფლავეს ადგილობრივი მცხოვრები ვლადიკ თედეევი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში. ოსური მედიის ცნობით, თედეევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში განთავსებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის მოსამსახურე იყო და ცხინვალიდან გაიწვიეს უკრაინაში. ისიც ცნობილია, რომ თედეევი მანამდე დაჭრილი იყო და სახლშიც დაბრუნდა, მაგრამ შემდეგ ისევ წავიდა საბრძოლველად. მის დასაფლავებას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი დაესწრო, რომელმაც სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულის ოჯახს და მეგობრებს.

„ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს ომი მალე დამთავრდეს და იქ აღარ დაიღუპონ ახალგაზრდები. გუშინ გავიგეთ ჩვენი კიდევ ერთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ვლადიკ თედეევი 36 წლის იყო. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, იგი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა „სამშობლოს დამცველის“ მედლით.

ღია წყაროების ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 40-მდე მკვიდრი დაიღუპა.

რუსეთის საოკუპაციო, მე-4 სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მომსახურე სამხედროები ცხინვალიდან უკრაინაში შარშან ორ ეტაპად გაამგზავრეს. გასული წლის 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი ამბობდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.

მე-4 სამხედრო ბაზის დაახლოებით 5000 სამხედრო მოსამსახურიდან, უმეტესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია. არაოფიციალური მონაცემებით, მათი დაახლოებით 80 პროცენტი ახლა უკრაინის წინააღმდეგ ომშია.

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის „ეფესბეს“ სასაზღვრო სამსახურის დანაყოფი, რომელიც ე.წ. საზღვრის მოწყობით და კონტროლით არის დაკავებული ცხინვალის რეგიონში, 1200 სამხედროს ითვლის.

გავრცელებული ინფორმაციით, „ეფესბეს“ კონტინგენტიდან ადგილზე ნახევარზე ნაკლებია დარჩენილი. ე.წ. მესაზღვრეები პერიოდულად ჩნდებიან საოკუპაციო ხაზთან და იქ არსებულ ინფრასტრუქტურას აახლებენ.

XS
SM
MD
LG