შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, არ შეიწყალოს მათზე ძალადობაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი. პრესსამსახურის ინფორმაციას თან ერთვის პოლიციელების წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ხელმომწერი ორი სამართალდამცავია. გავრელებულ დოკუმენტში მათი ვინაობა დაფარულია.
"დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება", - წერია შსს-ს განცხადებაში, რომელშიც დამატებით აღნიშნულია, რომ "შესაძლოა შეწყალება ეხებოდეს ლაზარე გრიგორიადისის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, თუმცა ისინი თვლიან, რომ ეს არ იქნება რიგითი შეწყალება მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, არამედ იქნება გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა პოლიციელზე თავდასხმის, ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ფაქტების მიმართ არის ლოიალური".
სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, აქციაზე დაშავებული პოლიციელები, რომლებმაც სხეულის დამწვრობა, სავარაუდოდ, "მოლოტოვის კოქტეილით" მიიღეს, არიან ზურაბ ლურსმანაშვილი და გიორგი ჭოველიძე. გიორგი ჭოველიძემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას თქვა, რომ არ შეუძლია გაიხსენოს, ვინ ისროლა აალებული საგანი, რამაც ის დააზიანა. ზურაბ ლურსმანაშვილის შესახებ კი მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზურაბ გრიგოლაშვილმა 17 ნოემბერს სასამართლოს უთხრა, რომ პოლიციელის სხეულის დამწვრობა იყო ნაკლებად მძიმე დაზიანების კატეგორიის.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ადამიანია ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი პატიმარი შეიწყალოს იმის მიუხედავად, თუ რა ბრალდებითაა იგი გასამართლებული.
მიმდინარე წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა მოულოდნელად დაიწყო ე.წ. აგენტების კანონპროექტის განხილვა, რომლის მიღებასაც ასეულობით ორგანიზაცია და ათასობით ადამიანი ეწინააღმდეგებოდა. ეს კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც დაფინანსებას იღებდნენ პარტნიორი ქვეყნებიდან ან ორგანიზაციებიდან, "უცხოური გავლენის აგენტებად" რეგისტრაციას ავალდებულებდა.
დოკუმენტის განხილვის პროცესში საკანონმდებლო ორგანოსთან მრავალი ადამიანი შეიკრიბა, აქცია გაგრძელდა მეორე დღესაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენა სხვადასხვა საშუალება, მათ შორის "წიწაკის სპრეი" და წყლის ჭავლი. უწყებამ განმარტა, რომ ეს იყო პროპორციული საპოლიციო ძალა. ამ დღეს დააკავეს 132 ადამიანი. აქციების დაშლის დროს გაწეული წინააღმდეგობის დროს დაშავდნენ პოლიციელებიც.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ორი ადამიანის წინააღმდეგ, მათ შორის ერთ-ერთი, ლაზარე გრიგორიადისი, ამ დრომდე პატიმრობაშია. ამ საქმეზე განაჩენის გამოცხადებამდე, სასამართლომ მას 1,5 წლით მიუსაჯა პატიმრობა 2 წლის წინათ მამის დაჭრის საქმეზე.
ლაზარე გრიგორიადისის ნასამართლობის ფაქტს დაკავების შემდეგ, პირველ დღეებში, მის საწინააღმდეგო მტკიცებულებად იყენებდა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედია, ისევე როგორც პროკურატურა - საქმის განხილვისას სასამართლოში