Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო არ იღებს გრიგორიადისის ადვოკატების სარჩელს ღარიბაშვილისა და კობახიძის წინააღმდეგ


ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოს დარბაზში
ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოს დარბაზში

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამჯერ დაახარვეზა 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატების სარჩელი. ამ სარჩელით გრიგორიადისი მორალური ზიანის ანაზღაურებას და ბოდიშის მოხდას სთხოვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. მორალური ზიანი სიმბოლურად, 15-15 ლარის ოდენობით იყო შეფასებული. სარჩელი პირველად გრიგორიადისის ადვოკატებმა სასამართლოში 26 ივნისს შეიტანეს.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა გრიგორიადისის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ, სასამართლომ მათ სარჩელში დავის საგნის უკეთ განსაზღვრა მოსთხოვა და ამ ხარვეზის გამოსწორების შემდეგ კვლავ არ მიიღო წარმოებაში - ის თვლის, რომ სარჩელის სამჯერ სხვადასხვა მიზეზით არმიღება პრობლემურია და თუკი მას მართლაც ჰქონდა რაიმე ხარვეზი, ამის შესახებ სასამართლოს მისი მიღების შემდეგ უნდა ემსჯელა.

გრიგორიადისის ადვოკატებმა ადმინისტრაციული სარჩელი მისი პატივისა და ღირსების დასაცავად მოამზადეს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საჯარო განცხადებების ფონზე, რაც 21 წლის დემონსტრანტის "ანარქისტად" გამოცხადებას ემსახურებოდა მანამ, სანამ მისი საქმის განხილვას სასამართლო დაიწყებდა.

20 აპრილს, გრიგორიადისის დაკავებიდან მეორე დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ის "გზას აცდენილად" და "ყველანაირ ორიენტაცია არეულად" გამოაცხადა და თქვა, რომ მისი მოქმედებები "სათანადოდ უნდა იყოს შეფასებული როგორც სამართლებრივად, ისე საზოგადოების მხრიდან."

3 აპრილს, როცა 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო განხილვა ჯერ დაწყებულიც კი არ იყო, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულია 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდამსხმელი.

"რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი - გახსოვთ, ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილი". ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა", - თქვა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს.

ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას).

საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვა 17 ნოემბერს მთავრდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იმ დროის განმავლობაში, სანამ სასამართლო მარტის აქციებისას მის ბრალეულობას განიხილავს, სასამართლომ 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მას ორი წლის წინანდელ ოჯახური ძალადობის საქმეზე.

XS
SM
MD
LG