საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დააკავებულია 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდამსხმელი. მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა ჩადენილ დანაშაულზე ისაუბრა მტკიცებით ფორმაში მაშინ, როცა 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო განხილვა ჯერ არც კი დაწყებულა.
"რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი - გახსოვთ, ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილი". ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია, ამას არავის ვაპატიებთ - ეს არის წითელი ხაზი, რომელზეც ვიქნებით უკომპრომისო..." - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან 12 მარტს ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში 7-9 მარტის აქციაზე მყოფი ახალგაზრდების ნაწილს "სატანისტები" და "ანარქისტები" უწოდა. მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დააკონკრეტა, რომ მათზე, ვინც "სატანისტებად" მოიხსენია, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო.
"ბევრჯერ გაისმა ბრალდებები, თითქოს მე ახალგაზრდებს განზოგადებულად ვუწოდე სატანისტები და ა.შ. რომელიც კონკრეტულ შემთხვევას შეეხებოდა. ჩემს გამოსვლაში ვთქვი რამდენიმე ახალგაზრდა. შეგნებულად არ მინდოდა, არც მინდა, რომ 4-5 ახალგაზრდას სახეების იდენტიფიცირება მოვახდინო, ეს იყო ჩემი სურვილი. მე ამის თაობაზე ვისაუბრე, მართლაც არანორმალურ შემთხვევებთან გვქონდა საქმე - ამის თაობაზე ინფორმაცია მივიღე პოლიციის სამსახურებიდან", - თქვა პრემიერმა 24 მარტს, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ლაზარე გრიგორიადისს დააკავებდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა 7-9 მარტის აქციებსა და აშშ-ში კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფაქტებს შორის პარალელიც გაავლო. ამ შედარებას მმართველი პარტიის წევრები იყენებდნენ 2020 წლის 19-21 ივნისის მოვლენებზე საუბრისას - ეს დღეები "გავრილოვის ღამის" სახელითაც არის ცნობილი.
"უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც არის ბრალდებული და მხილებული პოლიციელზე თავდასხმის საქმეში. ერთი რამ მინდა შევახსენო ყველას - მაგალითად, აშშ-ში კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს ოთხი ადამიანი ადგილზე მოკლეს. ჩვენთან თურმე ნორმაა, რომ ეს ანარქისტები შეგვეშვა პარლამენტის შენობაში, თურმე ნორმაა, რომ პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილებით" გაუხსნან ცეცხლი და პოლიციამ არ უნდა იმოქმედოს, არავინ უნდა დავიჭიროთ, არავინ უნდა დავსაჯოთ და ამ ანარქისტებს და ქვეყნის მტრებს მივცეთ საშუალება, რომ ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა. ამას ჩვენ არ ვიზამთ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის ლიდერი 7-9 მარტის აქციების მონაწილეების დემონიზებას ცდილობენ და ამ კონტექსტში ახსენებენ ლაზარე გრიგორიადისის სახელს. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს, რომ ლაზარემ ისროლა ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილი”, ირღვევა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან "ქართული ოცნების" ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „ის უკვე შერაცხა მოძალადე ახალგაზრდად, გამოიყენა ბრალდებულის მიმართ სიძულვილის ენა.“
21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს, შუადღისას, წარუდგინეს. მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.