Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სემ ოლტმენი დაბრუნდება OpenAI-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე


სემ ოლტმენი. სან-ფრანცისკო, 16 ნოემბერი, 2023.
სემ ოლტმენი. სან-ფრანცისკო, 16 ნოემბერი, 2023.

სემ ოლტმენი დაბრუნდება ჩეტბოტ ChatGPT-ისა და გამოსახულების გენერატორ DALL-E-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

კომპანიაში განაცხადეს, რომ „პრინციპული შეთანხმების მიღწევა“ მოახერხეს გენერალური დირექტორის პოსტზე ოლტმენის დაბრუნების თაობაზე. OpenAI-ში ასევე აღადგენენ დირექტორთა საბჭოს თავდაპირველ შემადგენლობას, მას ბრეტ ტეილორი უხელმძღვანელებს.

სემ ოლტმენმა, რომელმაც ადრე გამოაცხადა, რომ Microsoft-ში გადადის სამუშაოდ, დაადასტურა OpenAI-ში დაბრუნება. „მე მიყვარს OpenAI და ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი უკანასკნელ დღეებში, იქითკენ იყო მიმართული, რომ შემენარჩუნებინა გუნდი და მისი მისია“, - დაწერა ოლტმენმა.

Microsoft-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ სოცქსელ X-ში დაწერა, რომ კორპორაციაში იწონებენ ოლტმენის დაბრუნებას, „შთაგონებული არიან OpenAI-ის დირექტორთა საბჭოს ცვლილებებით“ და მასთან „მყარი პარტნიორობის განვითარების“ იმედი აქვთ.

17 ნოემბერს OpenAI-ის დირექტორთა საბჭომ გამოაცხადა, რომ დაითხოვა კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებელი სემ ოლტმენი. კომპანიის დირექტორებმა ჩათვალეს, რომ ოლტმენი ყოველთვის გულწრფელი არ იყო მათ მიმართ. „მმართველობა აღარ არის დარწმუნებული, რომ მას უნარი შესწევს, გააგრძელოს OpenAI-ის ხელმძღვანელობა“, - ნათქვამი იყო განცხადებაში.

OpenAI-ის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა გრეგ ბროკმენმა განაცხადა, რომ ოლტმენთან ერთად წავა კომპანიიდან, კომპანიის თანამშრომლებმა კი დაწერეს ღია წერილი, რომელშიც გენერალური დირექტორის დაბრუნებას მოითხოვდნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურის დატოვებით იმუქრებოდნენ.

20 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ოლტმენი სამუშაოდ გადადის Microsoft-ში. იქ ის სათავეში უნდა ჩასდგომოდა ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კვლევით ჯგუფს. ოლტმენის შემდეგ Microsoft-ში გადასვლა გადაწყვიტეს ასევე გრეგ ბროკმენმა და რამდენიმე დეველოპერმა.

ამერიკული კომპანია OpenAI მუშაობს მანქანურ სწავლებაზე დამყარებულ ტექნოლოგიებზე. ის 2015 წელს შექმნა რამდენიმე ბიზნესმენმა, მათ შორის ილონ მასკმა (ის 2018 წელს გამოვიდა დირექტორთა საბჭოდან) და სემ ოლტმენმა.

XS
SM
MD
LG