Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი მიანიშნებს სამშვიდობო პროცესში მონაწილეობის აღდგენის მზაობაზე


ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი
ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიანიშნა მზაობაზე, ხელახლა ჩაერთოს სამშვიდობო მოლაპარაკებაში აზერბაიჯანთან. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც 21 ნოემბერს ბაქო ერევანთან პირდაპირი მოლაპარაკების გამართვის წინადადებით გამოვიდა. აზერბაიჯანის თანახმად, მოლაპარაკება უნდა შედგეს ორივე მხარისთვის მისაღებ ადგილზე, მათ შორის ორი სახელმწიფოს საზღვრის გასწვრივ.

აზერბაიჯანის წინადადების პასუხად, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 22 ნოემბერს აცხადებს, რომ ერევანი მზადაა აღადგინოს მოლაპარაკებებში მონაწილეობა იმ პირობით, რომ იგი დაეფუძნება იმ სამ საბაზისო პრინციპს, რომლებიც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, შეთანხმებულ იქნა დასავლეთის შუამავლობით წარმოებულ მოლაპარაკებებზე 2022 და 2023 წლებში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს სამი პირობაა: "ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ბუნდოვანების გარეშე ორმხრივი აღიარება და პატივისცემა, საზღვრის დელიმიტაციის დასრულება 1991 წლის ალმათის დეკლარაციის საფუძველზე და რეგიონში ვაჭრობის, ტრანსპორტის და კომუნიკაციების განბლოკვა, სახელმწიფოებს შორის სრული პატივისცემის, იურისდიქციის, ორმხრივობის და თანასწორობის საფუძვლებზე".

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი გამართეს ევროკავშირის შუამავლობით მანამ, სანამ ბაქო მოაწყობდა სწრაფ სამხედრო ოპერაციას, რომლის შედეგადაც მთიან ყარაბაღში დასრულდა ეთნიკური სომხების ოცდაათწლიანი მმართველობა.

XS
SM
MD
LG