რუსეთი, სავარაუდოდ, ამზადებს სივრცეს ზამთრის პერიოდში უკრაინის ინფრასტრუქტურაზე იერიშების განსახორციელებლად - წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.
იგი ეყრდნობა 2023 წლის 18-19 ნოემბრის პერიოდში რუსეთის მიერ, სავარაუდოდ, კურსკიდან და კრასნოდარიდან, „შაჰედის“ დრონით განხორციელებულ „ტალღისებურ იერიშებს“ კიევის მიმართულებით.
„რუსეთის ერთ-ერთი სავარაუდო მიზანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გამოფიტვა და საბრძოლო სივრცის ჩამოყალიბება უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშის ზამთრის კამპანიამდე", - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
დაზვერვის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი თითქმის ორი თვის განმავლობაში თავს იკავებს მძიმე ბომბდამშენებიდან თავისი ძირითადი ფრთოსანი საჰაერო რაკეტების გაშვებისგან, რასაც მისთვის ამ იარაღის მნიშვნელოვანი მარაგის შექმნის საშუალება უნდა მიეცა.
2022 წლის 10 ოქტომბრიდან რუსმა სამხედროებმა დაიწყეს უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის წარმოების დეფიციტი და შექმნა რეგიონებს შორის ენერგიის განაწილების პრობლემები. 2023 წელს რუსეთმა შეამცირა თავდასხმების ინტენსივობა და უკრაინელმა ენერგეტიკოსებმა დიდწილად შეძლეს ელექტროენერგიის აღდგენა.
ივლისში უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ემზადება მომდევნო გათბობის სეზონზე რუსეთის სავარაუდო თავდასხმებისთვის.
ამის შესახებ მოსახლეობა უკრაინის პრეზიდენტმაც გააფრთხილა. ზელენსკის მოლოდინით, ზამთრის წინ რუსეთი გააძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკის და გათბობის სისტემებზე. შარშან, ყინვების პერიოდში, მილიონობით სამოქალაქო პირი დარჩა ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე - ხანგრძლივი პერიოდებით, რასაც აღიქვამდნენ რუსეთის მცდელობად, გაეტეხა უკრაინელთა ნება.