Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციმბირში გრიგალი მძვინვარებს. არიან დაღუპულები და დაშავებულები


ციმბირის რამდენიმე რეგიონს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს. დაღუპულია სულ მცირე ორი ადამიანი. არიან დაშავებულებიც. ყველაზე მეტად დაზარალდა ალტაისა და კრასნოიარსკის მხარეები, კემეროვისა და ნოვოსიბირსკის ოლქები. ენერგოსისტემის დაზიანებამ ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

„კემეროვის ოლქის ქალაქ ნოვოკუზნეცკში დაიღუპნენ 58 წლის მამაკაცი და 60 წლის ქალი. ისინი იმყოფებოდნენ ავტომობილში, რომელსაც ქარისგან წაქცეული ხე დაეცა. მანქანაში მყოფი კიდევ ორი მგზავრი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი".

ამავე ქალაქში ქარის მიერ მოგლეჯილი სარეკლამო აბრა დაეცა გამვლელ ქალს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ნოვოსიბირსკის ოლქში ქარის გამო გათიშულია ელექტროენერგია, კრასნოიარსკის მხარეში კი ქარმა შენობებს სახურავები ახადა. ალტაის მხარეში ხეების წაქცევის გამო რამდენიმე ავტომობილი და ავტობუსი დაზიანდა. ბარნაულში შეჩერებულია მატარებლების მოძრაობა.

ციმბირის ბევრ რაიონში ქარმა დააზიანა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები. ათიათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, შეფერხებულია წყალმომარაგებაც. ნოვოკუზნეცკში არ მუშაობს ტრამვაი და ტროლეიბუსები, ბევრ რაიონში არ არის ელექტროენერგია, გაჩერებულია საქვაბეები. ქალაქის მერის, სერგეი კუზნეცოვის თქმით, „ქალაქში ასეთი მასშტაბის კატასტროფა 1978 წლის შემდეგ არ ყოფილა“. მან მოსახლეობას მოუწოდა, არ გამოვიდნენ ქუჩებში, არ გაუშვან ბავშვები შინიდან და არ გააჩერონ ავტომობილები შენობებისა და ხეების მახლობლად.

რუსეთის მეტეოროლოგიური სამსახური უახლოეს საათებში ქარის შეჩერებას არ ვარაუდობს.

XS
SM
MD
LG