Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავების კანონიერების საკითხს


ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველი
ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა 18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტს.

“სახალხო დამცველის რწმუნებულმა გუშინვე მოინახულა თბილისის და რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული 7 დაკავებული, მათ შორის, ვარლამ გოლეთიანი. შემაშფოთებელია, რომ დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტი რატი რატიანიც, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა. მედიის წარმომადგენლის დაკავებამ, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას, შესაძლოა იქონიოს მსუსხავი ეფექტი შეკრებების დროს შესაბამისი ინფორმაციის გაშუქებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო ორგანოს ფარგლებში მოხდეს დროული რეაგირება“, - ნათქვამია ლევან იოსელიანის განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვის უფლებაზე ზედამხედველობა სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა:

„აპარატი თვალყურს ადევნებს ხსენებულ ლიცენზიასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს და საკითხის შესწავლის შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რატი რატიანი, ხოლო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე”, - წერია განცხადებაში.

გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით აქცია 18 ნოემბერს, საღამოს 5 საათიდან დაიწყო.

აქციის ორგანიზატორები - „რიონის ხეობის მცველები“ და პროტესტის სხვა მონაწილეები, რამდენიმე ასეული ადამიანი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მარშალ გელოვანის გამზირზე შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეთა პროტესტის საგანს წარმოადგენს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია, რომელიც 2022 წლის მარტში გაიცა.

XS
SM
MD
LG