საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ გამოცემა le monde-სთან ინტერვიუში საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილზე დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ ის საქართველოში ერთადერთი ოლიგარქია და არის ადამიანი, რომელსაც რუსეთის მარცხი ვერ წარმოუდგენია.
"არ ვიცი მისი რეალური წონა ქვეყნის ეკონომიკაში, ეს არ არის გამჭვირვალე. რაც ნათელია, მას დომინანტური გავლენა აქვს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის. „დეოლიგარქიზაციაზე“ პასუხი, მჯერა, მომავალ არჩევნებშია. 30 წელი ჩვენ ერთპარტიული სისტემა გვქონდა. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება თავისუფალი არჩევნები - ჭეშმარიტი კოალიციით, პროევროპული ფრონტით".
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან ორწელიწად-ნახევარია არ უსაუბრია და ზოგადად, საგარეო პოლიტიკის გარდა, მასთან სხვა საკითხებზე არასოდეს ულაპარაკია.
„როდესაც ვბრუნდებოდი ხოლმე ევროკავშირიდან, ვეუბნებოდი, რას ვგრძნობდი იმის მიმართ, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ეს უფრო მონოლოგი იყო, ვიდრე ნამდვილი დიალოგი. არავინ იცის, რას ფიქრობს", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
კითხვაზე, არის თუ არა ივანიშვილი რუსული გავლენის ქვეშ, საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს:
"ის არის ოლიგარქი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა და რომლის მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, წარსულის გამოცდილება. დღეს სამყარო ორადაა გაყოფილი. ის ერთ-ერთია, ვისაც რუსეთის მარცხი ვერ წარმოუდგენია და ამიტომ ცდილობს წინასწარ მოემზადოს რუსეთის გამარჯვებისთვის, როცა რუსეთი შესაძლოა იყოს კიდევ უფრო აგრესიული. მთავრობაში მყოფი ახალგაზრდები - ევროპაში განათლებამიღებულები - მისი გავლენის ქვეშ არიან. ისინი ავლენენ სისუსტეს და მაამებლურ დამოკიდებულებას რუსეთისადმი, რაც ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის მცდარი გაგებაა", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
დეოლიგარქიზაცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად დაწესებული 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი იყო. მასში საუბარი არ არის პერსონალიზებულ მიდგომაზე ან შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებაზე. მის მიზნად განსაზღვრულია ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე კერძო ინტერესების მომეტებული ზეგავლენის აღმოფხვრა.
დეოლიგარქიზაციის განხორციელება დარჩა ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს მიღებულ 9 დათქმაშიც.
"დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით", - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
19 სექტემბერს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო. ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, აღნიშნული კანონპროექტი არ მიეღო და ამის მიზეზად კანონის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შესაძლო საფრთხე დაასახელა.