Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო და "წითელი ჯვარი" შეშფოთებულნი არიან ისრაელის რეიდით ღაზის საავადმყოფოზე


ისრაელის თავდასხმის შედეგად დაჭრილი პალესტინელები ალ-შიფის საავადმყოფოში, ღაზა
ისრაელის თავდასხმის შედეგად დაჭრილი პალესტინელები ალ-შიფის საავადმყოფოში, ღაზა

გაერომ და "წითელმა ჯვარმა" 15 ნოემბერს შეშფოთება გამოთქვეს ღაზის უდიდეს საავადმყოფოზე ისრაელის ძალების რეიდზე და მოითხოვეს, დაცული იყვნენ საავადმყოფოში მყოფი პაციენტები და სამოქალაქო პირები.

ისრაელის ძალებმა რეიდი მოაწყვეს ალ-შიფის საავადმყოფოზე. ისინი აცხადებენ, რომ მიზანში ამოიღეს ღაზის მმართველი ძალის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰამასის" სამეთაურო ცენტრი გვირაბებში, რომლებიც განთავსებულია საავადმყოფოს ქვეშ. საავადმყოფოში ასობით პაციენტი და სამოქალაქო პირი იმყოფება.

გაეროს შეფასებით, შენობაში ამჟამად სულ მცირე 2300 ადამიანია - პაციენტები, ექიმები და იძულებით გადაადგილებული პირები - და ინტენსიური შეტაკებების გამო მათ შენობის დატოვების საშუალება არ ეძლევათ.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 11 000-ზე მეტი ადამიანი.
  • ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
  • დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
  • ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
  • „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად გამოცხადებული აქვს ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.
XS
SM
MD
LG