Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელებმა ისევ დაარტყეს სირიაში ირანთან კავშირის მქონე ობიექტებს


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა სირიის აღმოსავლეთში ზუსტი დარტყმები განახორციელეს ობიექტებზე, რომლებსაც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებები იყენებდნენ. ამის შესახებ 12 ნოემბერს განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, სამიზნეები იყო სირიის ქალაქებთან, აბუ-კამალსა და მაიადინთან მდებარე საწვრთნელი ობიექტი და კონსპირაციული ბინა.

ლოიდ ოსტინის თანახმად, ეს დარტყმები იყო პასუხი თავდასხმებზე სირიასა და ერაყში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე. შეტევის ბრძანება გასცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელსაც უმთავრეს პრიორიტეტად გამოცხადებული აქვს ამერიკელი სამხედროების უსაფრთხოება.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა სირიის აღმოსავლეთში ირანთან კავშირის მქონე ობიექტებზე დარტყმების შესახებ განაცხადა 26 ოქტომბერს და 8 ნოემბერსაც.

9 ნოემბერს პენტაგონმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა თანახმად, 17 ოქტომბრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით 46 შეტევა იყო სირიასა და ერაყში დისლოცირებულ ამერიკულ და საერთაშორისო კოალიციის ძალებზე. დაშავდა 56 ამერიკელი სამხედრო.

ერაყსა და სირიაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმები გახშირდა ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმის გამო დაწყებული ომის შემდეგ. ვაშინგტონი ირანის მიერ მხარდაჭერილ რადიკალურ დაჯგუფებებს ადანაშაულებს.

აშშ აცხადებს, რომ ესკალაციას ეწინააღმდეგება, თუმცა საკუთარ პერსონალს და ეროვნულ ინტერესებს მომავალშიც ყველა საშუალებით დაიცავს.

ერაყში იმყოფება 2500 ამერიკელი სამხედრო და კიდევ 900 - მეზობელ სირიაში. ამერიკელები ადგილობრივ ძალებს ეხმარებიან ბრძოლაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“, რომელმაც 2014 წელს დაიპყრო ამ ქვეყნების ნაწილი.

XS
SM
MD
LG