Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონის ცნობით, ოქტომბრიდან სირიასა და ერაყში ამერიკულ კონტინგენტზე 46 თავდასხმა იყო


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ბაზა ერაყში
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ბაზა ერაყში

პენტაგონმა გამოაქვეყნა მონაცემები ისრაელის მიერ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, სირიასა და ერაყში ამერიკულ და საერთაშორისო კოალიციის ძალებზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ. შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით, უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით 24 შეტევა იყო ერაყში და 22 სირიაში. დაშავდა 56 ამერიკელი სამხედრო.

8 ნოემბერს პენტაგონის ვებსაიტზე გამოქვეყნდა თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის განცხადება, რომ ორმა ამერიკულმა გამანადგურებელმა F-15-მა სირიის აღმოსავლეთში დაბომბა იარაღის საწყობი, რომელსაც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები იყენებდნენ.

ოსტინის თანახმად, მაღალი სიზუსტის დარტყმა იყო პასუხი სირიასა და ერაყში მყოფ ამერიკულ კონტინგენტზე განხორციელებულ თავდასხმებზე. ამავე მიზნით, ამერიკელმა სამხედროებმა სირიის აღმოსავლეთში ოპერაცია ჩაატარეს 26 ოქტომბერსაც.

ერაყსა და სირიაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმები გახშირდა ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმის გამო დაწყებული ომის შემდეგ. ვაშინგტონი ირანის მიერ მხარდაჭერილ რადიკალურ დაჯგუფებებს ადანაშაულებს.

აშშ აცხადებს, რომ ესკალაციას ეწინააღმდეგება, თუმცა საკუთარ პერსონალს და ეროვნულ ინტერესებს მომავალშიც ყველა საშუალებით დაიცავს.

ერაყში იმყოფება 2500 ამერიკელი სამხედრო და კიდევ 900 - მეზობელ სირიაში. ამერიკელები ადგილობრივ ძალებს ეხმარებიან ბრძოლაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“, რომელმაც 2014 წელს დაიპყრო ამ ქვეყნების ნაწილი.

XS
SM
MD
LG