Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში ანტისემიტიზმის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციები გაიმართა, პარიზში ასი ათასი კაცი გავიდა ქუჩაში


ანტისემიტიზმის საწინააღმდეგო დემონსტრაცია პარიზში. 12 ნოემბერი, 2023 წელი
ანტისემიტიზმის საწინააღმდეგო დემონსტრაცია პარიზში. 12 ნოემბერი, 2023 წელი

საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში ანტისემიტიზმის მიმართ პროტესტის გამოსახატავად 200 ათასი ადამიანი გავიდა.

პარიზში აქციაში ასი ათასი ადამიანი ჩაერთო, იტყობინება Le Parisien-ი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობაზე დაყრდნობით.

მსვლელობაში მონაწილეობისკენ მოწოდებით გამოვიდნენ საფრანგეთის სენატის ხელმძღვანელი ჟერარ ლარშე და ნაციონალური ასამბლეის სპიკერი იაელ ბრაუნ-პივე. პარიზში მსვლელობას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელიზაბეტ ბორნი და რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტები ფრანსუა ოლანდი და ნიკოლა სარკოზი ესწრებოდნენ.

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აქციაზე არ მისულა.

ორგანიზატორებმა მოითხოვეს, რომ მოქალაქეები მსვლელობაზე მისულიყვნენ დროშების გარეშე და გაერთიანებულიყვნენ ლოზუნგის, „რესპუბლიკისთვის, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ“ გარშემო. ამის მიუხედავად, ხალხში მაინც გამოჩნდა საფრანგეთის და ისრაელის რამდენიმე დროშა.

Le Parisien-ი აღნიშნავს, რომ მსვლელობაში თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის უკიდურესი მემარჯვენეები, მაგრამ არა რადიკალური მემარცხენე ოპოზიციის წარმომადგენლები.

საფრანგეთში მსვლელობა გაიმართა ღაზის სექტორში ისრაელის არმიის ოპერაციის ფონზე, რომელიც 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ჯგუფად გამოცხადებული „ჰამასის“ შეჭრის საპასუხოდ დაიწყო.

მაშინ 1200 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 240 მძევლად აიყვანეს ღაზაში. პროპალესტინური აქტივისტები ისრაელს სისასტიკესა და ღაზაში პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაში ადანაშაულებენ.

„ჰამასის" კონტროლქვეშ მყოფი პალესტინის ხელისუფლების უახლესი მონაცემებით, ისრაელის არმიის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 11 ათასზე მეტი ადამიანი, რომელთაგან ოთხ-ნახევარ ათასზე მეტი ბავშვი იყო.

საფრანგეთში ბოლო ხანს ანტისემიტიზმის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ერთ თვეში ებრაელთა წინააღმდეგ 1200-ზე მეტი საპროტესტო აქცია გაიმართა.

ოქტომბერში საფრანგეთის ხელისუფლებამ აკრძალა პალესტინელების მხარდასაჭერი მიტინგები და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ აქციები საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგის. აკრძალვის მიუხედავად, აქციები მაინც იმართება ხოლმე.

XS
SM
MD
LG