Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ავიაციამ კვლავ დაბომბა ღაზა, ბრძოლებია „ალ-შიფის“ საავადმყოფოსთან


პალესტინელები თავშესაფრისკენ გარბიან ალ-შიფის საავადმყოფოს მახლობლად საომარი მოქმედებების დროს. ღაზა. 1 ნოემბერი, 2023 წელი
პალესტინელები თავშესაფრისკენ გარბიან ალ-შიფის საავადმყოფოს მახლობლად საომარი მოქმედებების დროს. ღაზა. 1 ნოემბერი, 2023 წელი

ისრაელის სამხედრო ავიაციამ კვირა დილით კვლავ დაბომბა პალესტინელთა ტერიტორია, ქალაქი ღაზა. Associated Press-ი იმოწმებს თვითმხილველებს, რომლებიც ინტენსიური სროლის შესახებ იტყობინებიან.

ისრაელის არმიას ბრძოლა აქვს რადიკალური „ჰამასის“ (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ჯგუფად მიჩნეული ორგანიზაცია) წევრებთან ღაზის სექტორის უდიდესი, „ალ-შიფის“ საავადმყოფო კომპლექსის მახლობლად.

ისრაელი „ჰამასს“ ადანაშაულებს, რომ საავადმყოფოს ტერიტორიის ქვემოთ სამეთაურო პუნქტი აქვს. საავადმყოფოს პერსონალი და დაჯგუფება, რომელიც აკონტროლებს სექტორს, ამას უარყოფს.

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს ღაზის უმსხვილესი "ალ-შიფის" საავადმყოფოს პერსონალს ჩვილების ევაკუაციაში. ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში საწვავი გათავდა ბოლო მოქმედ გენერატორშიც. ორი ახალშობილი გარდაიცვალა და კიდევ ათეულს საფრთხე ემუქრება. "ჩვენ პირდაპირ და რეგულარულად ვსაუბრობთ საავადმყოფოს პერსონალთან. "ალ-შიფის" საავადმყოფოს პერსონალმა ითხოვა, რომ ხვალ დავეხმაროთ პედიატრიული განყოფილებიდან ბავშვების უფრო უსაფრთხო საავადმყოფოში გადაყვანაში. ჩვენ საჭირო დახმარებას გავუწევთ", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ.

ისრაელის არმიის პრესსამსახურმა ტელეგრამის არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის ავიაციამ დარტყმა მიაყენა „ტერორისტულ“ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს სირიაში გოლანის მაღლობების მიმართულებით დარტყმის საპასუხოდ. ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა ასევე ლიბანში, მათ შორის „ჰეზბოლას“ დაჯგუფების სამხედრო ობიექტებზე. "ბიბისის" ცნობით, მანამდე „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან რამდენიმე რაკეტა გაუშვა ისრაელის ჩრდილოეთის, დოვის მთის მიმართულებით.

არმია ასევე აცხადებს, რომ ისრაელის ანტისაჰაერო თავდაცვამ, ე.წ. „რკინის გუმბათმა, იმოქმედა და წარმატებით გადაიტაცა ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ნასროლი საეჭვო საჰაერო სამიზნე“. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 11 ნოემბერს ტელემიმართვაში უარყო საერთაშორისო მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუ მოლაპარაკება არ მოიცავს ყველა, 240 მძევლის განთავისუფლებას. „ჰამასის“ ისრაელში შეჭრის დროს, 7 ოქტომბერს, რადიკალურმა დაჯგუფებებმა გაიტაცეს 240 მძევალი, ისრაელის და სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

ამ თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორის წინააღმდეგ დაიწყო საპასუხო სამხედრო ოპერაცია, რომელიც დღემდე გრძელდება.

57 არაბული და მუსლიმანური სახელმწიფოს მეთაურები შეიკრიბნენ 11 ნოემბერს ერ-რიადში, საუდის არაბეთში და მოითხოვეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა. საუდის არაბეთმა გაეროს უშიშროების საბჭო დაადანაშაულა, რომ არ ასრულებს თავის ვალდებულებას და არ სთხოვს ისრაელს პასუხს ღაზაში ქმედებისთვის. ერ-რიადის შეხვედრის მონაწილეებს არ დაუგმიათ „ჰამასის“ მოქმედება ისრაელის წინააღმდეგ.

Associated Press-ის თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა ისრაელის ომის შემდგომი გეგმები, რომლებიც მკვეთრად ეწინააღმდეგება აშშ-ის, ისრაელის უახლოესი მოკავშირის, ხედვას. ნეთანიაჰუს თანახმად, მოხდება ღაზის სექტორის დემილიტარიზაცია და ისრაელი შეინარჩუნებს რეგიონის უსაფრთხოებაზე კონტროლს. ნეთანიაჰუმ უარყო იდეა, რომ პალესტინელთა ადმინისტრაცია, რომელიც ახლა ისრაელის მიერ ოკუპირებული იორდანეს დასავლეთი ნაპირის ნაწილებს მართავს, რომელიმე ეტაპზე გააკონტროლებს ღაზის სექტორსაც.

ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ წინააღმდეგია ისრაელის მიერ ღაზის სექტორის კიდევ ერთი ოკუპაციისა და სექტორში და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ერთიანი პალესტინური მმართველობის შექმნას მიიჩნევს ნაბიჯად პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. „რაც მოვისმინე ისრაელის ლიდერებისგან, ეს არის ის, რომ მათ არ აქვთ განზრახვა, კიდეთ ერთხელ მოახდინონ ღაზის სექტორის ოკუპაცია და დაიბრუნონ ღაზაზე კონტროლი“, - თქვა ბლინკენმა გასულ კვირაში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ტოკიოში.

7 ოქტომბერს, ისრაელში „ჰამასის“ შეჭრის დროს, როცა 240-მდე მძევალი იქნა გატაცებული, დაიღუპა 1200 ადამიანი. ისრაელის საპასუხო ოპერაციის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი 11 ათასამდეა.

XS
SM
MD
LG