Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის პოლიციამ პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაციის მოწინააღმდეგე ასამდე პირი დააკავა


პოლიცია აპატიმრებს პალესტინელთა მომხრეების მსვლელობის მოწინააღმდეგე ჯგუფის ერთ-ერთ წევრს. 11 ნოემბერი, 2023 წელი
პოლიცია აპატიმრებს პალესტინელთა მომხრეების მსვლელობის მოწინააღმდეგე ჯგუფის ერთ-ერთ წევრს. 11 ნოემბერი, 2023 წელი

ლონდონის პოლიციამ 100-მდე ულტრამემარჯვენე პირი დააკავა ლონდონის ცენტში პიმლიკოს რაიონში, რათა თავიდან აეცილებინა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. 11 ნოემბერს 300 000-ზე მეტი პალესტინელთა მომხრე დემონსტრანტი გავუდა ლონდონის ქუჩებში.

ეს იყო პალესტინელთა მომხრეების მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობის მოწინააღმდეგეთა ჯგუფი, რომლებიც ცდილობდნენ მიეღწიათ მთავარი დემონსტრაციის ადგილამდე.

პოლიციის თანახმად, ის გააგრძელებს ზომების მიღებას, რათა თავიდან აიცილოს არეულობა, რომელიც ალბათ მოხდება.

ამ მსვლელების დაწყების წინ, შეხლა-შემოხლა მოხდა ულტრამემარჯვენე ძალებს და პოლიციას შორის, რომელიც შეტაკების თავიდან აცილებას ცდილობს.

ზავის - შერიგების დღეს, რომელსაც ბრიტანეთში აღნიშნავენ პირველი მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად, როცა ბრიტანელები ომში დაღუპულებს იხსენებენ, მემარჯვენე რადიკალურ ჯგუფებს არ სურდათ პალესტინელთა მომხრეების მსვლელობის დაშვება. პალესტინელთა მომხრეების მსვლელობა 11 ნოემბერს იყო ბოლო აქტი სერიაში, რომელიც მიმართულია პალესტინელთა მხარდაჭერისკენ, და რომელიც მოითხოვს ღაზის სექტორში ისრაელის არმიის ოპერაციის შეწყვეტას.

ლონდონის მერმა, სადიკ ხანმა და შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ჰამზა იუსაფმა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სიუელა ბრავერმენი დაადანაშაულეს იმაში, რომ მისმა მოქმედებამ გამოიწვია ულტრანაციონალისტების გააქტიურება მას მერე, რაც მან პოლიციას ბრალი დასდო „პროპალესტინური ბრბოს“ მიმართ კეთილგანწყობაში.

ჰამზა იუსაფი თვლის, რომ ბრავერმანი უნდა გადადგეს: „ულტრამემარჯვენე ძალებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მხარდაჭერა მოიპოვეს“, - წერდა იუსაფი X-ზე (ყოფილი Twitter-ი).

„მან გააჩაღა განხეთქილების ცეცხლი მთელი კვირის განმავლობაში. ახლა ისინი პოლიციას ესხმიან თავს შერიგების დღეს. შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია მიუღებელია“, მიიჩნევს იუსაფი.

პოლიციამ განაცხადა, რომ პალესტინელთა მხარდამჭერთა მსვლელობაზე ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბა და ჯერ ინციდენტი არ მომხდარა. ის ცდილობს, ამ ორი ჯგუფის შეხვედრა არ დაუშვას. ლონდონში მობილიზებულია ორი ათასამდე პოლიციელი, რათა მსვლელობების დროს კანონის დარღვევა არ დაუშვან, განაცხადა ბრიტანეთის დედაქალაქის პოლიციის უწყებამ.

პალესტინელთა და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მომხრეთა საპროტესტო გამოსვლები, ნაკლები მასშტაბისა, გაიმართა ასევე პარიზში და ბერლინში.

XS
SM
MD
LG