იზრდება საერთაშორისო ზეწოლა ისრაელზე, მათ შორის უახლოესი მოკავშირის, აშშ-საგან, მოთხოვნით, მეტ ძალისხმევას მიმართოს სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობის ზრდისა და საავადმყოფოების მახლობლად და მათ ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების გააქტიურების ფონზე.
ღაზის სამედიცინო სფეროს მუშაკთა მონაცემებით, ბოლო ხუთ კვირაში ღაზის სექტორში დახოცილ მოქალაქეთა რიცხვმა 11 ათასს მიაღწია.
10 ნოემბერს, ინდოეთში ვიზიტად ყოფნისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ძალიან ბევრი პალესტინელი იქნა მოკლული, ძალიან ბევრი დაზარალდა ბოლო კვირების განმავალობაში“, - ეს იყო მისი ყველაზე მძაფრი განცხადება დღემდე ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ჯვარედინ ცეცხლში აღმოჩნდნენ.
იქვე ბლინკენმა მხარი დაუჭირა ისრაელის ოპერაციას, რომლის მიზანია, რომ ღაზა აღარ გახდეს ტერორიზმის პლატფორმა.
ბი-ბი-სი-სთვის მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ღაზის დაბომბვა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება. მისი სიტყვებით, საფრანგეთი „ცალსახად გმობს“ „ჰამასის“ „ტერორისტულ“ ქმედებას, მაგრამ აღიარებს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი. „მოვუწოდებთ მათ, შეწყვიტონ ეს დაბომბვა“, - თქვა მაკრონმა.
Reuters-ის ცნობით, ამის საპასუხოდ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მსოფლიოს ლიდერებმა უნდა დაგმონ „ჰამასი“ და არა ისრაელი. მისი თქმით, „ამ დანაშაულს, რომელსაც ახლა „ჰამასი“ ღაზაში სჩადის, ხვალ პარიზში, ნიუ-იორკში და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ჩაიდენს“, - თქვა ისრაელის პრემიერმა. ისრაელი თვლის, რომ „ჰამასი“, რომელსაც 240-მდე ისრაელელი და სხვა ქვეყნის მოქალაქე მძევლები ჰყავს, ისარგებლებს გადაჯგუფებისთვის ცეცხლის შეწყვეტით.
11 ნოემბერს საუდის არაბეთში იმართება ისლამურ-არაბული, რიგგარეშე ერთობლივი სამიტი. საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ „სახელმწიფოები გრძნობენ აუცილებლობას გააერთიანონ ძალისხმევა და გამოვიდნენ ერთიანი კოლექტიური პოზიციით, იტყობინება Reuters-ის სააგენტო.