ისრაელი დათანხმდა 9 ნოემბრიდან ღაზის ჩრდილოეთში საბრძოლო ოპერაციების შეჩერებას დღეში ოთხი საათით, განაცხადა თეთრმა სახლმა. ეს პირველი ასეთი ნიშანია ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომში, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და რეგიონული კონფლიქტის შიში გააჩინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის, ჯონ კირბის თქმით, ეს პაუზები საშუალებას მისცემს ხალხს, გაიქცეს ორი ჰუმანიტარული დერეფნით.
"ისრაელელებმა ჩვენ გვითხრეს, რომ პაუზის განმავლობაში ამ ტერიტორიებზე სამხედრო ოპერაციები არ განხორციელდება და ეს პროცესი დღეს იწყება", - თქვა კირბიმ.
ეს პაუზები, რომლებიც სამი საათით ადრე გამოცხადდება, გაჩნდა აშშ-სა და ისრაელის ოფიციალურ პირებს შორის ბოლოდროინდელი, მათ შორის ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოლაპარაკების შედეგად, დასძინა კირბიმ.
ათასობით პალესტინელი გაიქცა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან, მაგრამ ბევრი იქ რჩება, ალ-შიფისა და ალ-ყუდსის გავსებულ საავადმყოფოებში, მაშინ, როცა მათ გარშემო ბრძოლები მძვინვარებს და ისრაელი აგრძელებს ინტენსიურ საჰაერო თავდასხმებს. ისრაელი ამბობს, რომ "ჰამასს" სამეთაურო ცენტრები საავადმყოფოებში აქვს მოწყობილი.
კატარში, დოჰაში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ისრაელის დაზვერვის უწყების, "მოსადის" ხელმძღვანელები კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ, რათა განეხილათ შესაძლო შეთანხმება მძევლებთან დაკავშირებით, განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა. კატარი, სადაც “ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერები არიან დაფუძნებული, შუამავლობს რადიკალურ-ისლამურ დაჯგუფებასა და ისრაელს შორის მძევლების განთავისუფლების საკითხში. დოჰის შეხვედრის შედეგები უცნობია.
პარიზში ერთმანეთს შეხვდნენ 80-მდე ქვეყნის ოფიციალური პირები და ორგანიზაციები, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციისა და დაჭრილი მშვიდობიანი მოსახლეობის ალყისგან თავის დაღწევაში დახმარების მიზნით.
7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, რასაც 1400 ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელი მასობრივად ბომბავს პალესტინელთა ტერიტორიას, ღაზის სექტორს, სადაც „ჰამასს“ თავისი სამხედრო ობიექტები აქვს. პალესტინელთა თანახმად, ინტენსიურ დაბომბვას ათი ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათი 40 პროცენტი, ამავე მონაცემებით, ბავშვია.