Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის და ისრაელის დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები კატარში ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ


საილუსტრაციო ფოტო: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი. 8 ივლისი, 2022 წელი
საილუსტრაციო ფოტო: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი. 8 ივლისი, 2022 წელი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) და ისრაელის საგარეო დაზვერვის უწყების, „მოსადის“, ხელმძღვანელებმა 9 ნოემბერს კატარში, დოჰაში, მოლაპარაკებები გამართეს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან.

Reuters-ის ცნობით, CIA-ის დირექტორის, უილიამ ბერნსის, "მოსადის" ხელმძღვანელის, დავიდ ბარნეას და მასპინძლის, კატარის პრემიერის, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვედრა გაიმართა მას შემდეგ, რაც კატარელ შუამავლებს წინა დღით მოლაპარაკება ჰქონდათ რადიკალური დაჯგუფების, „ჰამასის“ პოლიტიკური ოფისის ოფიციალურ წარმომადგენლებთან. შესაძლებელი მორიგების გარშემო მოლაპარაკება ეხებოდა მძევლების განთავისუფლებას და ღაზის სექტორზე თავდასხმების შეჩერებას. Reuters-ის წყაროს თანახმად, ლაპარაკია 10-15 მძევლის განთავისუფლების სანაცვლოდ, ომში ერთ ან ორდღიან ჰუმანიტარულ პაუზაზე.

ამ სამმხრივი შეხვედრის უპირატესობა ის არის, რომ სამი მხარე ერთმანეთს შეხვდა რეალურ დროში, რაც პროცესის დაჩქარებას უნდა წაადგეს, იტყობინება Reuters-ის წყარო.

მოლაპარაკების თემაა ასევე ღაზაში ჰუმანიტარული საწვავის შეტანა, რასაც დღემდე ისრაელი ეწინააღმდეგება, რადგან თუ ის „ჰამასის“ ხელში მოხვდა, ბრძოლისთვის გამოიყენებს.

7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, რასაც 1400 ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელი მასობრივად ბომბავს პალესტინელთა ტერიტორიას, ღაზის სექტორს, სადაც „ჰამასს“ თავისი სამხედრო ობიექტები აქვს. პალესტინელთა თანახმად, ინტენსიურ დაბომბვას ათი ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათი 40 პროცენტი, ამავე მონაცემებით, ბავშვია.

კატარი, სადაც “ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერები არიან დაფუძნებული, რადიკალურ-ისლამურ დაჯგუფებასა და ისრაელს შორის მძევლების განთავისუფლების საკითხზე შუამავლობს. დოჰის შეხვედრის შედეგები უცნობია.

XS
SM
MD
LG