Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს


საილუსტრაციო ფოტო: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ვილნიუსი, 11 ივლისი, 2023 წელი
საილუსტრაციო ფოტო: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ვილნიუსი, 11 ივლისი, 2023 წელი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახლო აღმოსავლეთში ამჟამინდელი საომარი დაპირისპირების მონაწილეებს მოუწოდა, შესაძლებელი გახადონ ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში, რათა მოხერხდეს განსაცდელში მყოფი ადამიანების დახმარება.

ღაზის სექტორის საკითხზე პარიზში მიმდინარე კონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა ასევე, რომ შესაძლებელი უნდა იყოს ცეცხლის სრულად შეწყვეტა. მან დასძინა, რომ საფრანგეთი ას მილიონ ევროს გაიღებს ღაზის სექტორის ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მაკრონის თქმით, სამოქალაქო მოსახლეობა დაცული უნდა იყოს.

პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა მოჰამად შტაიემ შეხვედრის დელეგატებს შეკითხვით მიმართა: „რამდენი პალესტინელი უნდა მოკვდეს იმისთვის, რომ ეს ომი დასრულდეს? საკმარისია ყოველ საათში ექვსი ბავშვის და ოთხი ქალის მოკვლა?“

შტაიემ მოუწოდა კონფერენციის მონაწილეებს, „დასრულდეს ორმაგი სტანდარტები,“ რომლებიც, როგორც მან თქვა, არსებობს პალესტინელ და ისრაელელ მსხვერპლს შორის.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამეჰ შუქრიმ ისრაელს „საერთაშორისო სამართლის დარღვევაში" დასდო ბრალი და თქვა, რომ „რასაც ისრაელის მთავრობა აკეთებს, შორს სცილდება თავდაცვის უფლებას“.

გაეროს ვარაუდით, პალესტინელთა ავტონომიის ტერიტორიის მოსახლეობას ღაზის სექტორსა და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე 1,2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება დასჭირდება, დღეიდან წლის ბოლომდე.

პარიზში შეკრებილები აპირებენ, შეიმუშაონ ვითარების საერთო შეფასება ადგილებზე და შეძლონ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება, მხარდაჭერის მისაღწევად. არ არის დაგეგმილი ერთობლივი განცხადების გაკეთება.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ასევე პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი.

ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ამ კონფერენციის შემდეგ აპირებს ესაუბროს ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს.

XS
SM
MD
LG