Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CNN-ი: ისრაელში ვიზიტისას CIA-ის ხელმძღვანელმა მძევლების გათავისუფლების გეგმები განიხილა


დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს უფროსი უილიამ ბერნსი. ლენგლი, 8 ივლისი, 2022.
დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს უფროსი უილიამ ბერნსი. ლენგლი, 8 ივლისი, 2022.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (CIA) ისრაელის დაზვერვასთან და სამხედროებთან ერთად მუშაობს ასობით მძევლის გათავისუფლების გეგმაზე, რომლებიც ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა აიყვანეს ისრაელზე თავდასხმისას, იტყობინება CNN-ი ისრაელის თავდაცვის არმიაზე დაყრდნობით.

როგორც თავდაცვის არმიის წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, სამშაბათს CIA-ის დირექტორმა უილიამ ბერნსმა ისრაელის გენერალური შტაბის მეთაურთან, ჰერცი ჰალევისთან ერთად განიხილა მძევლების გათავისუფლების გეგმა.

ბერნსმა ახლო აღმოსავლეთის ტურნე ისრაელით დაიწყო. ამის შემდეგ ის რეგიონის რამდენიმე ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდება.

„ყოველ მძევალს აქვს საკუთარი სადაზვერვო დოსიე, მიმდინარეობს მასზე დაკვირვება, ჩვენ ISA-სთან [სადაზვერვო სამსახური „შინ ბეთი“], მოსადთან ვთანამშრომლობთ. ყოველდღე ერთად ვაფასებთ ვითარებას, რათა გავიგოთ, რის კორექტირება, შეცვლა და დაგეგმვა გვჭირდება, რათა შევასრულოთ ჩვენი ამოცანა - შინ დავაბრუნოთ ისინი“, - თქვა ჰაგარიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

XS
SM
MD
LG