Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: დღევანდელი დღე არის ერთგვარი დამაგვირგვინებელი და შემაჯამებელი ჩვენი 11-წლიანი საქმიანობისა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგი გამართა მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევროკომისიამ გასცა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია.

„ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება. ევროკომისია დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს, რა თქმა უნდა, არის ისტორიული დღე. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის. მე მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი“, - განაცხადა პრემიერმა. მან მადლობა გადაუხადა ასევე "გუნდის თითოეულ წევრს" და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია "24 საათის განმავლობაში მუშაობდა" რეკომენდაციების შესასრულებლად, რისთვისაც "უზარმაზარი სამუშაო" იქნა გაწეული.

ღარიბაშვილმა "გამარჯვება, აღიარება და ღირსეული გადაწყვეტილება" მიულოცა ქართველ ხალხს და თქვა, რომ ამ გზაზე მთავრობას არაერთი დაბრკოლების, წინააღმდეგობის, საბოტაჟის, პროვოკაციის და დესტრუქციული მოქმედებების გადალახვა და დაძლევა მოუხდა.

"ჩვენ მივიღეთ დამსახურებულად დღევანდელი დღე. მე მჯერა, რომ საქართველო დეკემბერში მიიღებს კანდიდატის სტატუსს. შეიძლება ითქვას, სხვა რეალობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა და ეს არის ძალიან ძლიერი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. დღევანდელი დღე არის ერთგვარი დამაგვირვინებელი და შემაჯამებელი ჩვენი 11-წლიანი საქმიანობისა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, ის დიდი ტრანსფორმაცია და ცვლილება, ევროპეიზაციის 10 წელი - შეიძლება ასე ვუწოდოთ ამ მშვიდობიან, 10-წლიან პერიოდს. თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფალმა და მმართველმა რამე გააკეთა ხელშესახები ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის 'ქართული ოცნება'", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ამ გამოსვლისას ახსენა "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც. ღარიბაშვილის შეფასებით, ქვეყნის წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა, "რომ არ მოეხდინა ისტორიული, გარდამტეხი ცვლილება ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს, რომელიც აგრძელებს, ვაგრძელებთ ამ დიდ საქმეს".

8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა, რომ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - იმ დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.

ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს.

XS
SM
MD
LG