გარემოს ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ, წელს ოქტომბერი საქართველოში უფრო თბილი იყო, ვიდრე ზოგადად არის ხოლმე. ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის თბილისშიც, ყოველდღიური საშუალო ტემპერატურა, ნორმასთან შედარებით, 1 გრადუსით მაღალი ფიქსირდებოდა.
წლების განმავლობაში დაკვირვება აჩვენებს, რომ ოქტომბრის საშუალო ტემპერატურა ასეთია:
- თბილისში - 15 გრადუსი;
- აღმოსავლეთ საქართველოში - 13-15 გრადუსი;
- დასავლეთ საქართველოში - 16-17 გრადუსი.
ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ამბობს, რომ 2019 და 2020 წლებში უფრო თბილი ოქტომბერი იყო, ვიდრე 2021 წელს, როცა საშუალო ტემპერატურა, ნორმასთან შედარებით, 2-4 გრადუსით დაეცა.
"ანომალიურ მდგომარეობასთან არ გვაქვს საქმე, თუმცა კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს არა მხოლოდ სექტემბერსა და ოქტომბერზე, მთლიანად წელზე. მაგალითად, ახლანდელი აგვისტო საკმაოდ ცხელი იყო, 3-4 გრადუსით მაღალი ტემპერატურით, თუმცა ივნისი და ივლისი იყო უფრო გრილი.
ეს დაკავშირებულია წყნარ ოკეანეში მიმდინარე მოვლენებთან - წყლის ზედაპირის ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, რაც დიდ გავლენას ახდენს ატლანტის ოკეანეზე, შემდეგ კი ჰაერის ტემპერატურაც მატულობს", - უხსნის გარემოს დაცვის სააგენტოს თანამშრომელი რადიო თავისუფლებას.
ოქტომბრის განმავლობაში ყველაზე ცხელი დღეები იყო:
- თბილისში 29 ოქტომბერს - 28 გრადუსი;
- ბათუმში 28 ოქტომბერს - 31 გრადუსი;
- ქობულეთში 28 ოქტომბერს - 30 გრადუსი;
- ზუგდიდში 28 ოქტომბერს - 30 გრადუსი.
ხათუნა ქოქოსაძე ამბობს, რომ ნოემბერიც იმაზე თბილი იქნება, ვიდრე აქამდე ამ თვისთვის დამახასიათებელი საშუალო ტემპერატურაა:
"სანაპირო ზოლში ნოემბერში იქნება, ნორმასთან შედარებით, 1-2 გრადუსით მაღალი ტემპერატურა და დანარჩენ ნაწილში - 2 გრადუსით მაღალი".
საშუალო ტემპერატურა ამ თვეში ასეთია:
- თბილისისთვის - 9 გრადუსი;
- აღმოსავლეთ საქართველოსთვის - 7-8 გრადუსი;
- დასავლეთ საქართველოსთვის - 11-12 გრადუსი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, ნოემბერში, ცალკეულ დღეებში, ტემპერატურა დაიწევს 3-5 გრადუსამდე, მაღალმთიან რაიონებში კი მოსალოდნელია ყინვა, -4 გრადუსი.