თურქეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ აშშ-ის ინჯირლიკის ავიაბაზის ტერიტორიაზე, ქალაქ ადანის მახლობლად.
როგორც თურქული ტელეარხი NTV იუწყება, ჯგუფმა, რომელიც ღაზაში ისრაელისა და აშშ-ის მოქმედებების წინააღმდეგ გამოდის, ავიაბაზის დახურვა მოითხოვა.
ტელეარხის ცნობით, აქციის ზოგიერთი მონაწილე ადანაში ჩავიდა სტამბოლიდან, მათ შეუერთდნენ სხვა ქალაქების მოსახლეები. პოლიციამ ავიაბაზის მახლობლად ქუჩები და გამზირები გადაკეტეს. როცა დემონსტრანტებმა მინდვრების გავლით სცადეს ბაზის ტერიტორიაზე შეღწევა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
ისრაელის მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი ადამიანი. „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს აყვანილი.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც „ჰამასი“ აკონტროლებს, იუწყება, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში დაიღუპა თითქმის 10 ათასი ადამიანი, მათ შორის - 4800 ბავშვი. ამ მონაცემების დამოუკიდებელი წყაროებით შემოწმება არ ხერხდება.
დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.