ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განუსაზღვრელი დროით შეუჩერა საქმიანობა მემკვიდრეობის მინისტრ ამიხაი ელიაჰუს, რომელმაც დღეს ღაზის სექტორში ბირთვული ბომბის ჩამოგდებაზე ისაუბრა.
ულტრამემარჯვენე პარტიის წევრმა ელიაჰუმ რადიო „კოლ ბერამასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ღაზის სექტორში ბირთვული ბომბის ჩამოგდება "ერთ-ერთი ვარიანტია". მისი თქმით, "მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზაში არ არსებობს".
"მათ შეუძლიათ ირლანდიაში ან უდაბნოებში წავიდნენ, ურჩხულებმა ღაზაში გამოსავალი თვითონ უნდა იპოვონ" – თქვა ელიაჰუმ. მოგვიანებით მან "მეტაფორული" უწოდა მის ამ განცხადებას. ელიაჰუ არ არის უსაფრთხოების კაპინეტის წევრი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს საომარი ოპერაციების შესახებ. მის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, მინისტრი უკმაყოფილო ჩანდა ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციის მიმდინარეობით ჰამასის წინააღმდეგ.
"ამიხაი ელიაჰუს სიტყვები რეალობას მოწყვეტილი არის. ისრაელი და IDF უდანაშაულო ადამიანებისადმი ზიანის ასარიდებლად საერთაშორისო სამართლის უმაღლეს სტანდარტს იცავს და ასე გავაგრძელებთ, სანამ არ გავიმარჯვებთ" – თქვა ისრაელის პრემერ მინისტრმა, მწვავედ დაგმო მემკვიდრეობის მინისტრის განცხადება და განუსაზღვრელი დროით შეუჩერა მას საქმიანობის უფლება.
ელიაჰუს განცხადება გააკრიტიკა ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმაც. მან მინისტრის გადაყენება მოითხოვა. ლაპიდის შეფასებით, ეს იყო "უპასუხისმგებლო მინისტრის შემზარავი და შეშლილი განცხადება".
"ექსტრემისტების ყოფნა მთავრობაში საფრთხეს გვიქმნის ჩვენ და ჩვენი საომარი მიზნების წარმატებას, რაც არის ჰამასის დამარცხება და მძევლების გათავისუფლება. ნეთანიაჰუმ თანამდებობიდან უნდა დღესვე გაათავისუფლოს". – თქვა ლაპიდმა.
ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ჰამასის მებრძოლები ისრაელის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. ისრაელიდან ამ დღეს გატაცებული მძევლების ნაწილის ბედი ჯერაც უცნობია, ნაწილის სიკვდილი უკვე გადადასტურებულია.