Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენმა ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული პაუზა შესთავაზა, ნეთანიაჰუ წინააღმდეგია


პალესტინელი ქალი ისრაელის სარაკეტო იერიშის დროს დაჭრილ ბავშვებთან ერთად. ღაზა, 23 ოქტომბერი, 2023.
პალესტინელი ქალი ისრაელის სარაკეტო იერიშის დროს დაჭრილ ბავშვებთან ერთად. ღაზა, 23 ოქტომბერი, 2023.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ ღაზაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის წინააღმდეგია, სანამ ისრაელელ მძევლებს არ გაათავისუფლებენ.

საბრძოლო მოქმედებების შეჩერების წინადადებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გამოვიდა ისრაელში ვიზიტის დროს. სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, „ჰუმანიტარული პაუზა“ შეიძლება დაეხმაროს მშვიდობიან მოსახლეობას.

ვიზიტის ბოლოს ბლინკენმა განაცხადა: „როცა ვხედავ პალესტინელ ბავშვს - ბიჭს ან გოგოს, რომელიც სახლის ნანგრევებიდან ამოჰყავთ, ამით სულის სიღრმემდე ვარ შეძრული ისევე, როგორც მაშინ, როცა ვხედავ ბავშვს ისრაელიდან ან ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან“.

მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზის სექტორის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები დაიწყო, აშშ-ის ადმინისტრაციამ ისრაელის მთავრობას არაერთხელ მოუწოდა, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისგან, რაც მსხვერპლს გამოიწვევდა სამოქალაქო მოსახლეობაში.

როგორც BBC შენიშნავს, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ისრაელის მიერ წარმოებული ომების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-ის ხელისუფლება ასე ღიად აცხადებს, რომ ისრაელმა ომის წარმოების კანონები უნდა დაიცვას.

ბლინკენმა ისრაელელ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებების დროს დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები ემხრობა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას და ფორმულა „ორი ხალხი, ორი სახელმწიფოს“ განხორციელებას.

ღაზაში სასწრაფო დახმარების მანქანა ისრაელის არმიის ცეცხლში მოყვა, იტყობინება 4 ნოემბერს Reuters-ი. ისრაელელებმა განაცხადეს, რომ სამედიცინო მანქანას ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლები იყენებდნენ.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის სამხედროებმა სასწრაფო დახმარების მანქანებზე დარტყმა ორ სხვადასხვა ადგილას განახორციელეს. ერთ-ერთი მათგანი ალ-შიფის ჰოსპიტლის მახლობლად იყო.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბერს ისრაელზე პალესტინელი ტერორისტების თავდასხმის შემდეგ ისრაელის მიერ დაწყებული იერიშის შედეგად სექტორში ცხრა ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ ორ მესამედს ქალები და ბავშვები შეადგენენ. ისრაელის ოფიციალური წყაროების თანახმად, იმ დღეს ტერაქტის მსხვერპლი 1400-ზე მეტი ისრაელელი გახდა. „ჰამასმა“ და „ისლამურმა ჯიჰადმა“ კიდევ ორასზე მეტი ისრაელელი გაიტაცა და ისინი ღაზის სექტორში ჰყავთ მძევლებად.

XS
SM
MD
LG