Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სანქციები შეეხო ევტუშენკოვის კომპანიას, ის ივანიშვილს მეგობრად მოიხსენიებდა


ფოტო არქივიდან: ვლადიმირ ევტუშენკოვი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი. 2009 წელი
ფოტო არქივიდან: ვლადიმირ ევტუშენკოვი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი. 2009 წელი

რუსული საინვესტიციო კომპანია АФК „Система“ და მისი პორტფელის რამდენიმე კომპანია აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) იტყობინება.

АФК „Система-ს" წილის 49.2% ვლადიმირ ევტუშენკოვს ეკუთვნის, კიდევ 15.3% მისი ვაჟის, კომპანიის უფროსი მმართველი პარტნიორის, ფელიქს ევტუშენკოვის საკუთრებაა.

ევტუშენკოვსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, კარგი ნაცნობობა აკავშირებთ. 2022 წელს ინტერნეტში გავრცელდა მათი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი. ერთ-ერთ ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს და მას „ბორინკად“ მოიხსენიებს.

უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად მათ შორის საუბარი ორჯერ შედგა - 2022 წლის 10 და 13 მარტს. პირველ ჩანაწერში საუბრის თემა ხორბალი იყო, მეორეში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვდა თავის წარმომადგენელთან, კორპორაცია „სისტემის“ ვიცე-პრეზიდენტთან, ალი უზდენოვთან შეხვედრას.

საუბრის გარკვეული ეპიზოდები თავად ევტუშენკოვმა დაადასტურა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა და მასთან საქმიანი ურთიერთობა არასდროს ჰქონია.

ლევან ვასაძე და დავით ხიდაშელი

წარსულში „სისტემაში" ქართველი ბიზნესმენები ლევან ვასაძე და დავით ხიდაშელი მუშაობდნენ. ორივე მათგანს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

ლევან ვასაძე თავისი ულტრანაციონალისტური, ჰომოფობიური და პრორუსული განცხადებებითაა ცნობილი, მისი დაარსებულია მოძრაობა „ერი“ („ერთობა, რაობა, იმედი“).

დავით ხიდაშელის სახელი უკავშირდება რეზონანსულ „კარტოგრაფების საქმეს“. სწორედ მან ჩამოიტანა მოსკოვიდან თბილისში რუკები, რომელთა საფუძველზეც დაიწყო პროკურატურამ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიის მუშაობის შედეგების კანონიერების შესწავლა. გარდა ამისა, ბიზნესმენს გადაეცა რაჭის მაღალმთიან რეგიონში არსებული ტყის ფართობი, რომლის მიღება-ჩაბარების პროცესი აჟამად შეჩერებულია და გასული წლის მარტში მისმა ოჯახმა შეიძინა თბილისში, რიყის პარკში მდებარე საკონცერტო დარბაზი „დოქები“.

2022 წლის სექტემბერში უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) პორტალზე - „ომი და სანქციები“ - ვკითხულობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი „ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის საკითხებში“. გარდა ამისა, ლევან ვასაძე და დავით ხიდაშელი მოხვდნენ ქართულ პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებულ პირთა სიაში.

კორპორაცია „სისტემა“

ამერიკული უწყების პრესრელიზში „სისტემა“ მოხსენიებულია ერთ-ერთ უმსხვილეს რუსულ საჯარო დივერსიფიცირებულ ჰოლდინგურ კომპანიად, რომელიც ფიგურირებს თავდაცვის, ფინანსურ და ტექნოლოგიურ სექტორებში. კორპორაცია სანქციების სიაში შევიდა, როგორც ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს რუსეთის ფინანსურ და ტექნოლოგიურ სექტორში.

კორპორაციის გარდა, სანქციების სიაში მოხვდნენ ლუქსემბურგის East West United Bank-ი, სინგაპურის Sistema Asia Pte და ფონდი «Система Смарттех-ი», როგორც „სისტემასთან“ დაკავშირებული სტრუქტურები.

გარდა ამისა, სანქციები ვრცელდება ყველა კომპანიაზე, რომლებშიც კორპორაციის პირდაპირი ან ირიბი წილი 50%-ს აღემატება.

რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" წერს, რომ „სისტემის“ პრესსამსახურმა კომენტარისგან თავი შეიკავა.

ვლადიმირ ევტუშენკოვი უკვე სანქცირებული იყო რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მიერ, რის გამოც დატოვა „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტი.

ჯერ კიდევ 2018 წელს ევტუშენკოვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანამოაზრეების ამერიკულ სიაში მოხვდა. იმავე წელს რუსეთის პრეზიდენტმა მას მადლობა გადაუხადა „მიღწეული შრომითი წარმატებებისა და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის“.

XS
SM
MD
LG