საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა საბადრაგო ჯგუფის უფროსს, რომელიც დაკავებულია კლინიკა "ავერსიდან" პატიმრების გაქცევის საქმეზე. მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა არ შეასრულა ბადრაგირების დადგენილი წესი, მსჯავრდებულები დატოვა მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები. აღნიშნულით ისარგებლა სამმა მსჯავრდებულმა, რომლებმაც ღია კარებებიდან დაუბრკოლებლად დატოვეს სატრანსპორტო საშუალება და მიიმალნენ", - წერია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა სასამართლოს სთხოვს, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდოს.
1 ნოემბერს საბადრაგო სამსახურმა 6 პატიმარი ქსნის N15 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე "ავერსის" კლინიკაში. მათგან სამმა გაქცევა შეძლო - მათ პოლიცია და პენიტენციური სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
"ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმრის დაკავების შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის პირად გვერდზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გუშინ, 2 ნოემბერს, გაავრცელა.
კვლევების ჩასატარებლად მიყვანილი სამი პატიმარი 1 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, გაიქცა კლინიკა "ავერსიდან". იუსტიციის მინისტრმა მოგვიანებით მათ მიმართა და მოუწოდა, "დროულად მოეგონ გონს".