„ავერსის” კლინიკიდან 1 ნოემბერს გაქცეული სამი პატიმრის საქმეზე ის ბადრაგი დააკავეს, რომელსაც მათი მეთვალყურეობა ევალებოდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
ბადრაგი დღეს, 2 ნოემბერს, დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ის გულისხმობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევას, რასაც შედეგად მოჰყვა პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდადებულის გაქცევა.
დაკავებულია ასევე "ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანია - ის კლინიკიდან გაქცევის შემდეგ სახლში მივიდა.
გუშინ, 1 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, კლინიკა "ავერსიდან", რომელიც თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს, კვლევების ჩასატარებლად მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოგვიანებით მათ მიმართა და მოუწოდა, "დროულად მოეგონ გონს".
"მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს. იქნებ ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.