"ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას იუსტიციის სამინისტროში მიაწოდეს. ამ სამინისტროს დაქვემდებარებაშია პენიტენციური სამსახური.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანია - ის კლინიკიდან გაქცევის შემდეგ სახლში მივიდა.
გუშინ, 1 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, კლინიკა "ავერსიდან", რომელიც თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს, კვლევების ჩასატარებლად მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოგვიანებით მათ მიმართა და მოუწოდა, "დროულად მოეგონ გონს".
"მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს. იქნებ ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ამ ეტაპზე იუსტიციის სამინისტროში არ ამბობენ, დააკავეს თუ არა საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც ეს სამი პატიმარი "ავერსის" კლინიკაში მიიყვანეს.