ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული რიგით 115-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განხილული საკითხები ჩამოთვალა. მათ შორისაა ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს შვიდი მოქალაქის გათავისუფლებისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები.
„განვიხილეთ შვიდივე შემთხვევა და საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა დისკუსიას. არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, პოზიტიური შედეგები ვამცნოთ საზოგადოებას“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ე.წ უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებზე, „საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა ბორდერიზაციის სამ ფაქტს. უკანასკნელი დაფიქსირდა გუშინ. კიდევ ერთხელ გაჟღერდა ცენტრალური ხელისუფლების მტკიცე პოზიცია აღნიშნული დესტრუქციული ქმედებების მიუღებლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.
ირაკლი ანთაძის თქმით, ისაუბრეს ასევე ე.წ. გადასასვლელებისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეთა გადაადგილებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე.
„გადასასვლელები უნდა ფუნქციონირებდეს 24 საათის განმავლობაში, რაც შეეხება კონკრეტულ ვითარებას, ისევ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო წინ. კონკრეტული არაფერი გაჟღერებულა, მაგრამ შესაძლოა, არსებული გადაადგილების რეჟიმი გაუმჯობესდეს“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.
მანვე ისაუბრა ლომისის ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტზე და საქართველოს დროშის ჩამოხსნის ფაქტზე.
„დროშის ჩამოხსნაზე შედგა დისკუსია და მიეცა პრინციპული შეფასება. საოკუპაციო ძალების ქმედება არის ცალსახად დასაგმობი, რაც მოხდა ლომისის წმინდა გიორგის სალოცავზე“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.