Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაღმაიძის თქმით, მლეთაში, ლომისის ტაძართან, რუსი ჯარისკაცების პატრულირება ახალი ამბავი არ არის


დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მლეთაში იმყოფებოდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ის ფეისბუკ-Live-ში გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობას, რომლის თანახმად, სოფელ ზედა მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძართან, რუსეთის საოკუპაციო ძალის ჯარისკაცები იმყოფებოდნენ.

როგორც დეკანოზმა თქვა, მლეთაში რუსეთის ჯარისკაცების გამოჩენა ახალი ამბავი არ არის, რადგან ისინი იქ ხშირად პატრულირებენ.

„2009 წლიდან სასაზღვრო პატრული [რუსეთის საოკუპაციო ძალის] ამოდის ამ ტერიტორიაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქსნის ხეობის ოკუპაციის შემდეგ, ახალგორის რაიონის ოკუპაციის შემდეგ, პირობითი ე.წ. საზღვარი ამ ქედზე გაავლეს რუსმა სამხედროებმა. პირობითი საზღვარი, ე.წ. ადმინისტრაციული ზოლი, ჩვენს წმინდა გიორგის ტაძარსა და დამხმარე ნაგებობას შორის გადის. კვირაში ერთხელ ან ორჯერ აქ ამოდის პატრული. ქედის იქითა მხარეს უკვე არის ქსნის ხეობა და აქედან ჩანს კიდევაც რუსული სამხედრო ბაზა. მათ მორიგეობა აქვთ აქ და ამოდიან. გუშინ [25 ოქტომბერს] გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა არის.

ერთი უცნაურობა ის იყო, რომ რუსმა სამხედროებმა აქ ამოსვლისას ააფრინეს დრონი, თუმცა დრონიც არ არის იშვიათი შემთხვევა. ბაზიდან ყოველთვის შეუძლიათ ამ დრონის აფრენა. ყოფილა ეს შემთხვევები. ტერიტორიის დათვალიერება მუდმივად ხდება. როგორც გითხარით, ეს არის სასაზღვრო ზოლი და ამიტომ აქ, ამ სასაზღვრო ზოლზე, ყოველთვის არის გარკვეული საფრთხეები", - თქვა მან.

ანდრია ჯაღმაიძე მედიას მოუწოდებს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ ასეთი თემის გაშუქებისას. „სამწუხარო რეალობა არის, რომ ქსნის ხეობა დაკავებული აქვთ რუს ჯარისკაცებს და ოკუპირებული არის დროებით ეს ტერიტორია. ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის განსაკუთრებული მდგომარეობა, რაც გვესმის ხოლმე საოკუპაციო ზოლს მიღმა. არაერთი რეპორტაჟი მოგვისმენია და არაერთი ფაქტი დაგვიფიქსირებია, როდესაც ამ ზოლის ახლო-მახლო ტერიტორიებიდან ხდება ადამიანების გატაცება, ჩვენი ტერიტორიების ჩაკეტვა და იქ შესვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება. როდესაც ასეთი მდგომარეობა არის და სიუჟეტები კეთდება, ძალიან მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ფაქტების აღრევა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რასაც გუშინდელ სიუჟეტში ჰქონდა ადგილი", - აღნიშნა დეკანოზმა.

ჯაღმაიძემ გაიხსენა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მდებარე ლომისის ტაძრის შემთხვევა, როდესაც საოკუპაციო ძალებმა ტაძრის შესასვლელი აჭედეს.

„ნუ გავამწვავებთ სიტუაციას, იქამდე ნუ მივიყვანთ, როგორც იმ ლომისის ტაძარში, რომელიც არის გორის რაიონში. იქ ასე დაუფიქრებელი, მოუზომელი, ვითომ პატრიოტიზმის სახელით და პათოსით ააფრიალეს ქართული დროშა და საერთოდ დაიკეტა ის ტაძარი. მისვლის საშუალებაც არ აქვს არავის. ეს არის საფრთხილო ზონა. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიის სასაზღვრო ზონა. ეს ტერიტორიები კარგად ვიცით, როდის დაიკარგა - 2008 წლის ომის მერე. 2009 წლის მერე ეს პატრულირება ხორციელდება, არ არის ახალი ამბავი. ნუ შევქმნით ცუდ მოლოდინებს და ნუ შევაჩვევთ წინასწარ ადამიანებს, როგორც საქართველოს მოსახლეობას, ისე საოკუპაციო მხარის მოსახლეობას, ჯარისკაცებს, რომ შესაძლებელი არის ამ ტერიტორიებზე [მლეთაში] მსგავსი რამ მოხდეს, რაც - სხვაგან", - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

ჯაღმაიძესთან ერთად იმყოფებოდა სასულიერო პირი გრიგოლი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ზემო მლეთაში ცხოვრობს.

„2010 წლიდან აქ ვარ, რაღაც პერიოდულობით პატრულირებენ [რუსეთის ჯარისკაცები]. ხან ხშირად, ხან რაღაც დროის შემდეგ. გუშინაც [25 ოქტომბერს] ასეთივე ამბავი იყო - ამოვიდნენ, გაიარ-გამოიარეს, ამ ტაძართან ყოველთვის ისვენებენ და მერე გზას აგრძელებენ. გუშინაც ასე იყო - დაისვენეს, გადახედეს არაგვის ხეობას, გაიარ-გამოიარეს, დაგვემშვიდობნენ და წავიდნენ. ყოველთვის ასე ხდება. დრონი გაუშვეს, რატომ არ ვიცი. უფლება არც მქონდა და ვერც ვკითხავდი, რატომ. ჯარისკაცები არიან და თავიანთი საიდუმლო აქვთ. რა დაათვალიერეს, არც ის მიკითხავს. დიდ ხანს არ გაჩერებულან", - თქვა მან.

ლომისის ტაძრის წინამძღვარმა დავითმა განაცხადა, რომ „ეს ე.წ. დროებითი საზღვარია და ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო, რომ ზედმეტი გაღიზიანება აღარ გავაკეთოთ ჩვენ. ესენი სულ ამოდიან, არანაირ დაძაბულობას არ გვიქმნიან ისინი და ყოველთვის რაღაცნაირად თბილად, სიყვარულით მიდიან. ასეთი განცხადებები, რომელიც გავიდა ერთ-ერთი ტელევიზიით, უფრო მეტ დაძაბულობას შეგვიქმნის ჩვენ".

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ 25 ოქტომბერს ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა დამატებითი ტერიტორიის ოკუპაციის საფრთხის შესახებ.

„ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც მდებარეობს ზემო მლეთაში, ფაქტობრივი ოკუპაციის უდიდესი საფრთხის ქვეშ არის. ტაძრის 1/3 მდებარეობს ოკუპირებულ ნაწილში, ხოლო დანარჩენი ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. ახალი საოკუპაციო გეგმის მიხედვით, ლომისას ტაძარი სრულად უნდა გადავიდეს ორკების კონტროლის ქვეშ", - აღნიშნა ქაცარავამ და ტაძართან მყოფი რუსეთის ჯარისკაცების ვიდეო გაავრცელა.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის ომი, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, მცოცავი ოკუპაციის სახით გრძელდება. რუსეთის მხარდაჭერით, ოსი სეპარატისტები ე.წ. სადემარკაციო სამუშაოებს სსრკ-ს გენერალური შტაბის მიერ 1988 წელს გამოცემული ტოპოგრაფიული რუკით ახორციელებენ, რომელიც ასახავს ადმინისტრაციულ საზღვარს 1984 წლის მდგომარეობით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლიდან მოყოლებული, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 56 კილომეტრზე მეტი სიგრძის მავთულხლართები, ღობეები და ხელოვნური ბარიერია გავლებული.

მცოცავმა ოკუპაციამ ომის დასრულების შემდეგ ათზე მეტი სოფელი დატოვა საძოვრისა თუ სახნავ-სათესი მიწის გარეშე. მხოლოდ სოფელ დვანში 2013 წელს 50-მდე ოჯახის კუთვნილი 80 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწები და 3 ოჯახის საცხოვრებელი სახლი აღმოჩნდა ე.წ. საზღვრის მიღმა.

19-მა დვანელმა რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგზავნა საჩივარი. „ბორდერიზაციის“ შედეგად დაზარალებულთა საქმის განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 5 თებერვალს დაიწყო.

მცოცავი ოკუპაციისას გავლებულმა მავთულხლართებმა და საზღვრის მარკერებმა ზოგიერთ სოფელში სახლებსა და მიწის ნაკვეთებზე გაიარა. რუსული ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა სოფელ ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილი. 2011 წელს საოკუპაციო ძალებმა მისი საცხოვრებელი მავთულხლართებით გაყვეს. სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. 88 წლის დათა ვანიშვილი 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი ამ დრომდე მავთულხლართებით გაყოფილ სახლში ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG