გუშინ, 31 ოქტომბერს, შიდა ქართლში, სოფელ ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში რიგით 115-ე შეხვედრის დაწყების წინ მიაწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.
"მთავარი თემაა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. დღეის მდგომარეობით, გვყავს 7 უკანონო პატიმარი, რადგან გუშინ ღამის საათებში, დაახლოებით 22:00 საათზე, მოხდა კიდევ ერთი უკანონო დაკავება... დაკავება მოხდა ოსურ სოფელ გვირგვინასთან, რომელსაც ესაზღვრება ქართული სოფელი ტახტისძირი", - თქვა ირაკლი ანთაძემ.
რადიო თავისუფლების ინფომაციით უკანონოდ დაკავებულია მევლუდ ლაღოშვილი ტახტისძირელი მწყემსი, ის სოფლის განაპირას საქონელს მწყემსავდა.
დღეს, 1 ნოემბერს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 115-ე სამუშაო შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე ქართული მხარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გააპროტესტებს და მოითხოვს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.