ისრაელელი ადამიანის უფლებადამცველები გმობენ პალესტინელთა ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირის ოკუპირებულ რეგიონში, ებრაელი ახალმოსახლეების მზარდ ძალადობას პალესტინელთა მიმართ.
როგორც გერმანიის რადიო იტყობინება ისრაელის მედიაზე დაყრდნობით, ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ, ისრაელელმა ახალმოსახლეებმა მოკლეს, სულ მცირე, შვიდი პალესტინელი და განდევნეს ბედუინების 13 თემი.
ისრაელის მედიის თანახმად, ეს ნათქვამია ისრაელის ადამიანის უფლებების დამცველი და სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივ მოწოდებაში, რომელსაც 30 ორგანიზაცია უერთდება.
არსებული ცნობით, ახალმოსახლეები იყენებენ ვითარებას, როცა 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ იორდანეს დასავლეთ ნაპირს ნაკლები ყურადღება ექცევა და გაჩნდა საერთო ანტიპალესტინული განწყობა.
ისრაელელი უფლებადამცველები მთავრობას ბრალს სდებენ იმაში, რომ ის ამაზე არათუ უბრალოდ თვალს ხუჭავს, არამედ ბევრ შემთხვევაში აქტიურადაც მონაწილეობს, იტყობინება „დოიჩლანდფუნკი.“