Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტნის ხელისუფლებამ ანტისემიტურ გამოსვლებში „უკრაინული კვალი" დაინახა


ანტისემიტური აქციის მონაწილეები პალესტინელთა დროშით მაჰაჩყალის აეროპორტში. 2023 წლის 29 ოქტომბერი
ანტისემიტური აქციის მონაწილეები პალესტინელთა დროშით მაჰაჩყალის აეროპორტში. 2023 წლის 29 ოქტომბერი

რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკის ხელისუფლებამ მაჰაჩყალის აეროპორტში ანტისემიტური აქციის და მასობრივი არეულობის შემდეგ, სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა უცხოეთიდან, მათ შორის უკრაინიდან მოქმედი „მტრები“.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, დღეს, 30 ოქტომბერს, დაღესტნის მეთაურმა სერგეი მელიკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივებას და კონფესიებს შორის პრობლემების შექმნას რუსეთის „მტრები“ ცდილობენ. მელიკოვის მტკიცებით, დღეს მიიღეს „აბსოლუტურად სანდო ინფორმაცია“, რომ ტელეგრამ-არხი „უტრო დაგესტანა“, რომლითაც მოსახლეობას მიტინგებზე გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ, „ადმინისტრირებული და რეგულირებულია უკრაინის ტერიტორიიდან მოღალატეების, ბანდერელების მიერ“.

დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურმა მაჰაჩყალის აეროპორტში მასობრივ არეულობებს უწოდა „ცინიზმი და ღალატი“ და „ზურგში დანის ჩარტყმა“ სამხედროებისთვის, რომლებიც „ქვეყანას იცავენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“. რუსეთი ასე მოიხსენიებს უკრაინის წინააღმდეგ ომს.

უკრაინის ხელისუფლება დაღესტნის მეთაურის დღევანდელ განცხადებებს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. 29 ოქტომბერს, ღამით, მაჰაჩყალის აეროპორტში ანტისემიტური გამოსვლების დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ეს არის რუსეთში სხვა ხალხებისადმი მასობრივად გავრცელებული სიძულვილის კულტურა, რომლის პროპაგანდას ეწევიან სახელმწიფო ტელევიზია, ექსპერტები და ხელისუფლება. ზელენსკის თანახმად, „რუსული ანტისემიტიზმი და სხვა ერებისადმი სიძულვილი სისტემური და ღრმად ფესვგადგმულია“.

29 ოქტომბერს, საღამოს, თელ-ავივიდან სამგზავრო თვითმფრინავის დაშვების წინ, მაჰაჩყალის აეროპორტში ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ანტისემიტურ აქციაზე. მონაწილეებს თან ჰქონდათ პალესტინელთა დროშები და პლაკატები ანტისემიტური ლოზუნგებით და მოითხოვდნენ რეგიონიდან ებრაელების განდევნას. პოლიციამ აქციის მონაწილეთა შეჩერება ვერ შეძლო. მათ ადგილობრივ სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს, აეროპორტის შენობასა და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შეაღწიეს და თვითმფრინავში შეჭრაც სცადეს. ანტისემიტური გამოსვლის მონაწილეები აეროპორტიდან გამსვლელებს დოკუმენტებსაც უმოწმებდნენ მათი წარმომავლობის დასადგენად. ხელისუფლებამ აეროპორტში სპეცდანიშნულების რაზმი გაგზავნა და ღამით გამოაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

დაღესტნის რესპუბლიკის ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა 20-ზე მეტი პირი, მათ შორის 9 პოლიციელი.

როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, ხელისუფლება აეროპორტში შეჭრის ფაქტზე კომენტარს დიდხანს არ აკეთებდა და ინფორმაცია არც რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა. დაახლოებით სამი საათის შემდეგ გამოქვეყნდა ოფიციალური ცნობა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მასობრივი არეულობების მუხლით.

რუსეთის შსს-მ დღეს, 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა დაადგინეს მასობრივი არეულობების 150-ზე მეტი აქტიური მონაწილე და მათგან 60 უკვე დაკავებულია.

თელ-ავივიდან მაჰაჩყალაში რეისი რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა შეასრულა. ისრაელიდან ჩასული მგზავრების წინააღმდეგ აქციისკენ მოწოდებები სოციალური ქსელებით 29 ოქტომბერს, დილიდან ვრცელდებოდა. ისრაელის მთავრობამ, რომელმაც პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელების დასაცავად გადამწყვეტი ზომები მიიღოს.

XS
SM
MD
LG